თურქეთ - აშშ-ის ურთიერთობები თანამედროვე ეტაპზე და საქართველო
Resumen
XXI საუკუნის დასაწყისში თურქეთ - ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობამ საერთაშორისო საზოგადოების სერიოზული ყურადღება მიიპყრო. „ცივი ომის“ დასრულებიდან დღემდე თურქეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას, ძირითადად, უსაფრთხოებაზე ზრუნვა განსაზღვრავდა. ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში დროდადრო საერთო, ზოგჯერ კი ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული, მიზნები იკვეთებოდა. ამის პარალელურად, აღმავლობისა და დაღმავლობის პერიოდები შეინიშნებოდა ეკონომიკურ ურთიერთობებშიც. სწორედ უსაფრთხოების მიღწევის მიზანი წარმართავდა თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის. ერთ მხარეს იყო „ცივი ომის“ პერიოდში არსებული ორი პოლუსიდან ერთ-ერთის ლიდერი - აშშ, მეორე მხარეს კი - თურქეთი, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სერიოზული გავლენის მქონე, მაგრამ მნიშვნელოვნად აშშ-ზე დამოკიდებული ქვეყანა.
XXI საუკუნიდან ნატოს ორ წევრ ქვეყანას, თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, შორის არსებული დაპირისპირება არ შედის საქართველოს ინტერესებში.თურქეთი და აშშ საქართველოს პარტნიორი ქვეყნებია. შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული, ხოლო თურქეთი კი ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
მიუხედავად თურქეთისა და აშშ-ის დაძაბულობისა, არ არის მოსალოდნელი ამერიკის მხრიდან საქართველოს ორმხრივ ურთიერთობას რაიმე ზიანი მიადგეს. ვაშინგტონის შეხედულებით, საქართველოს ირანთან დაახლოება უფრო სერიოზული საკითხი იქნება, ვიდრე თურქეთთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დაარღვევს.
საკვანძო სიტყვები: თურქეთი; ამერიკის შეერთებული შტატები; საქართველო.











