ნიქოზის ისტორიიდან

  • GIORGI SOSIASHVILI ისტორიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი http://orcid.org/0000-0002-2406-8662
  • IOSEB ALIMBARASHVILI ისტორიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნვერსიტეტის ასოცირებული პროფესორი http://orcid.org/0000-0002-0347-1815

Resumen

სტატიაში შესწავლილია შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს არსებული ორი სოფლის ქვემო და ზემო ნიქოზის პოლიტიკური, და სოციალ-ეკონომიკური ისტორია, მოსახლეობის დინამიკა, ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობა, სოფლის სიძველეები, საფორტიფიკაციო ნაგებობები, მატერიალური და სულიერი ძეგლები, ლაპიდარული წარწერები და ეპიტაფიები. ნიქოზის ურთიერთობა იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან.

ნიქოზი საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სოფელია. აქ ღვთაების ტაძარი ააგო ვახტანგ გორგასალმა ჯერ კიდევ V საუკუნეში და საეპისკოპოსო დაარსა. აქვე დაკრძალეს რაჟდენ პირველმოწამე. არსებობს გადმოცემა, რომ ნიქოზის ღვთაების ტაძარში დაბრძანებული იყო ცხოველმყოფელი ხის, ანუ ძელიჭეშმარიტის ჯვარი (სიგრძით 4 გოჯი), რომელიც,  ვახტანგ გორგასალს ძღვნად იერუსალიმის პარტიარქმა გამოუგზავნა. ჯვრის შესანახ ყუთს წარწერაც ჰქონია, რომლის თანახმადაც იგი იერუსალიმიდან იყო ჩამოტანილი. წარწერის მიხედვით,  ლუსკუმა თამარ მეფის ასულს რუსუდანს განუახლებია (ჯვრისათვის ვერცხლის ბუდე გაუკეთებია). ამავე გადმოცემის მიხედვით, ჯვარი ტაძარში 1791 წლამდე ინახებოდა და 1799 წელ სათანასე ნიქოზელის დროს დაკარგულა. ამისათვის ათანასე ნიქოზელი გიორგი XII-ს ნიქოზის კათედრისათვის მოუშორებია და ნათლისმცემლის უდაბნოში (მონასტერში) გადაუსახლებია. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ დავით ბატონიშვილს ათანასე ისევ ნიქოზის ეპისკოპოსად აღუდგენია.

ნიქოზის ეპარქიას ძალზე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან. დოკუმენტური წყაროების მიხედვით, ნიქოზელი ეპისკოპოსები ჯვრის მონასტერსაც ხელმძღვანელობდნენ. XV  ს. მეორე ნახევარში იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან ნიქოზის ეპარქიის ურთიერთობა კიდევ უფრო გააქტიურდა, ჯვრის მამად ნიქოზელი ეპისკოპოსის დანიელის დანიშვნის შემდეგ. დანიელ ნიქოზელის სახელზე ჯვრის მონასტერში აღაპი იყო დაწესებული.

XVIII საუკუნის I ნახევარში ჯვრის მონასტრის მამა კვლავ ნიქოზელი ეპისკოპოსი იყო. დავით ნიქოზელი ჯვრის მონასტერს 1761-1773 წლებში ედგა სათავეში. იგი თავის დროის ცნობილი პიროვნება იყო და არაერთ დოკუმენტში იხსენიება.

ძალზე დიდია ფავლენიშვილების დამსახურებას ნიქოზის ღვთაების ტაძრის მიმართ. აღნიშნული გვარის წარმომადგენლები თმოგველ-უჯარმელ-ფავლენიშვილების სახით ნიქოზში XVI საუკუნიდან დამკვიდრდნენ და ღვთაების ტაძარს თავიანთ სამკვიდრებელს და სამარხს უწოდებდნენ. XVI საუკუნის II ნახევარში ნიქოზში მცხოვრებ ფავლენიშვილთა საგვარეულოს ორი მნიშვნელოვანი საეკლესიო მოღვაწე ჰყავდა: ეპიფანე და ბარნაბა ფავლენიშვილები, რომლებიც, გარკვეული დროის განმავლობაში, იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერს ხელმძღვანელობდნენ. ნიქოზის ეპარქიის ურთიერთობა იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან მომდევნო საუკუნეებში კიდევ უფრო გააქტიურდა.

XVIII საუკუნის II ნახევარში ჯვრის მონასტრის მამა კვლავ ნიქოზელი ეპისკოპოსი დავითი იყო, რომელიც ძალზე აქტიურ საქმიანობას ეწეოდა.

ნიქოზი იყო მშობლიური სოფელი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კირიონ II საძაგლიშვილისა. სწორედ ქვ. ნიქოზის წმ. გიორგის ეკლესიაში არიან დაკრძალულნი მისი  მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რის შემდეგ იგი ბერად აღიკვეცა და სასულიერო ცხოვრება დაიწყო. კირიონი ბევრს ზრუნავდა მშობლიური სოფლის სვე-ბედზე, 1887 წელს იგი ყოფილა ერთ-ერთი ინიციატორი ღვთაების ტაძრის აღდგენისა, რასაც  ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე გაკეთებული წარწერაც გვაუწყებს.

 

საძიებო სიტყვები: ზემო და ქვემო ნიქოზის სიძველეები, ლაპიდარული წარწერები, ეპიტაფიები, მოსახლეობა, ფავლენიშვილები, დანიელ ნიქოზელი, ჯვარისმამები, ურთიერთობა იერუსალიმის ჯვრის მონასტერთან.               

Publicado
2021-12-22
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია