რომაული სამყარო საისტორიო თხზულებათა კრებულში -,,ქართლის ცხოვრება“
Resumen
ძველი რომის ისტორიის შესწავლას ქართულ ისტორიოგრაფიაში ორ საუკუნეზე მეტი ხნის ტრადიცია აქვს. მიუხედავად ამისა, წყაროთმცოდნეობის და ისტორიოგრაფიის საკითხების შესახებ განმაზოგადებელი ნაშრომი არ დაწერილა. რამდენიმე ლათინი ისტორიკოსის თხზულების თარგმნის გარდა ისტორიოგრაფიაში აქცენტი გადატანილი იყო რომაულ-ქართული ურთიერთობების ამსახველი წყაროების თარგმნა-გამოცემაზე.
ფეოდალური საქართველოს ხანაში ანტიკური რომი „ქართლის ცხოვრების“ ქრონიკაში აისახებოდა, თუმცა, ცალკე განყენებულ „რომის ისტორიას“ თხზულებაში არ ვხვდებით და ავტორებს რომი მხოლოდ საქართველოს კონტექსტის გავლით აქვთ ნახსენები. ეს გასაკვირი არცაა, ვინაიდან ვიდრე XIX საუკუნემდე, საქართველოში არ შექმნილა სპეციალური ნაშრომი, რომელიც კონკრეტულად მსოფლიოს ისტორიას მიეძღვნებოდა და საქართველოს ისტორიის შესახებაც ერთადერთი წყარო სწორედ „ქართლის ცხოვრების ქრონიკა“ იყო. სტატიაში შევეცდებით თხზულებაზე დაყრდნობით გადმოვცეთ როგორ იქმნებოდა წარმოდგენა რომის ისტორიასა და რომაულ სამყაროზე.
შეკრებილი და გაანალიზებული მასალა ცხადყოფს, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ ანტიკური რომის ისტორიის შესახებ ცნობები მწირია და სახელმწიფოს ისტორიის სრული სურათის შექმნის შესაძლებლობას არ გვაძლევს. ამასთან, ხშირად ვხვდებით ფაქტოლოგიური ცდომილებებიც.
საკვანძო სიტყვები: რომის იმპერია, ,,ქართლის ცხოვრება“, წყაროთმცოდნეობა, ფეოდალური ხანის საქართველო, ლეონტი მროველი, მაკედონელი











