ნორვეგიის მეფის ოლაფ I ტრიუგვასონის რელიგიური პოლიტიკის ანალიზი შუა საუკუნეების წყაროების მიხედვით
Resumen
შუა საუკუნეების ეპოქაში, ვიკინგი მეომრები წარმოადგენდნენ როგორც სასტიკ თავდამსხმელებს ასევე: აქტიურ კოლონიზატორებს, ვაჭრებს, დაქირავებულ მეომრებს, გემთმშენებლებს, რომლებმაც VIII-XI საუკუნეებში შექმნეს დასახლებები ფარერის კუნძულებზე, ისლანდისა და გრენლანდიაში. დაიპყრეს შოტლანდიისა და ირლანდიის ტერიტორიები, ფრანკთა და ინგლისის სამეფოების მნიშვნელოვანი ნაწილი. მიაღწიეს ჩრდილოეთ ამერიკას, ესპანეთის სანაპიროებს, იტალიას. სავაჭრო დასახლებები შექმნეს აღმოსავლეთით, სლავებით დასახლებულ ტერიტორიებზე. აღნიშნული საზოგადოების კულტურის ფორმირების პროცესი დაკავშირებულია წარმატებულ საგარეო და საშინაო მიღწევებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სულ უფრო იზრდება ინტერესი და აქტუალობა ვიკინგების ეპოქის , როგორც საკვლევი საგნის მიმართ ისტორიოგრაფიაში.
საკვლევი საკითხის გარშემო განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი უკანასკნელი წლების განმავლობაში.არსებობს უამრავი სამეცნიერო ნაშრომი, სადაც აღნიშნული ეპოქა მრავალმხრივ საკმაოდ დეტალურადა არის შესწავლილი. ამიტომ წინამდებარე მიმოხილვას, აღნიშნული საკითხის სრულყოფილად, ამომწურავად წარმოჩენის პრეტენზია არ გააჩნია. ჩვენ მიზანს წარმოადგენს, მკითხველს საერთო წარმოდგენა შევუქმნათ აღნიშნული ეპოქის შესწავლის პროცესში წყაროებში დაცული მონაცემების მნიშვნელობის შესახებ. ამ რთული საკითხის შესახებ სიტყვის თქმას უმთავრესად ის გარემოება გვაბედინებს, რომ ამ თემის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე თითქმის არაფერი დაწერილა. საკითხის კვლევის პრაქტიკულ დანიშნულებას მიღებული დასკვნები და შედარებები წარმოადგენს, რომელიც გარკვეულ დახმარებას გაუწევს, როგორც შუა საუკუნეების ევროპის ისტორიის, ასევე სკანდინავისტიკის საკითხებით დაინტერესებულ მკვლევარებს.
ნორვეგიის მეფის ოლაფ I (995-100) ტრიუგვასონის მოღვაწეობა, გამეფებამდე და გამეფებს შემდეგ, საკმაოდ ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს როგორც სკანდინავიის რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ცხადია, მასალის ერთ ნაშრომში განხილვა შეუძლებელია და აღნიშნულ საკითხს, შეიძლება ცალკე სამეცნიერო კვლევა მიეძღვნას. ვეცადეთ გვეჩვენებინა, ახალი სარწმუნოების გავრცელების პროცესში მეფის როლი და მისი მოღვაწეობის ანალიზი სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით.
საძიებო სიტყვები: ვიკინგები, სკანდინავია, ოლაფ I ტრიუგვასონი, ქრისტიანიზაცია, ნორვეგია, შუა საუკუნეები.











