ნასოფლარები ქარჩოხის ხეობაში
Resumen
ნაშრომში საუბარია ქარჩოხის ხეობის ნასოფლარებზე, რომელიც ქსნის სათავეებთან მდებარეობს. პირველ რიგში ყურადღებას ვამახვილებთ სამთავნელის სარგოს X საუკუნის დავთარზე, რომლის ნუსხური ტექსტი საეკლესიო საბუთების კოლექციაში უნახავს ცნობილ მეცნიერს ს. კაკაბაძეს და თავის საისტორიო კრებულში შეუტანია. წყაროში ქარჩოხის ხეობის რამდენიმე ისეთი სოფელია მოხსენიებული, რომელიც დღეს აღარ არსებობს, თუმცა სათანადო წყაროებისა და ლიტერატურის ანალიზის შედეგად ხდება მათი ლოკალიზება. მაგალითად, ნუსხაში მოხსენიებული სოფელი ანრაწმინდული ანდრიაწმინდული გახლდათ, რომელსაც, მოგვიანებით, აქ დამკვიდრებული შატაკიშვილების გვარიდან გამომდინარე შატაკიანთკარი ეწოდა. დღეს ქარჩოხის ხეობაში აღრც შატაკიშვილები ცხოვრობენ, მათი მიგრაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ძირითადად კი, ატენის ხეობაში მოხდა. შატაკიანთკარის და უფრო ადრინდელი ანდრიაწმინდულის ნასოფლარი დღევანდელი დოჩიანის ზემოთ, აღმოსავლეთითაა.
სამთავნელის სარგოს X საუკუნის ძეგლში ნახსენებია სოფელი ქარჩუხი. ქარჩოხი დღს ხეობის სახელწოდებაა, რომელიც რამდენიმე სოფელს აერთიანებს, ადრე კი ზემო ქარჩოხის ცენტრი უნდა ყოფილიყო, ამავე სახელწოდების ციხე-დარბაზის მიდამოებში. X საუკუნიდან იხსენიება ასევე სოფლები ხოზოეთი და გოლგოლეთი. ხოზოეთი ქსნისა და ჭურთის წყალგამყოფის აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობდა, სოფელ ქენქაანის დასავლეთით, X საუკუნეში ყაზოთის სახელით ყოფილა ცნობილი, XV საუკუნის დრამისა და შესავლის გარიგების წიგნში ხოხოთადაა სახელდებული. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე იგი ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და ხმაურიანი სოფელი იყო ქარჩოხის ხეობაში. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ნასოფლარია. გოლგოლეთიც ქენქაანის მეზობლად მდებარეობდა, მის სამხრეთ დასავლეთით. მართალია, ქსნის ხეობაში თითქმის აღარავისთვისაა ცნობილი ამ სოფლის წარსული, მაგრამ დემოგრაფიული აღწერების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გოლგოლეთი ბეჟუანთ ნასოფლარსა და მის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ვრცელ ტერიტორიას აერთიანებდა.
ქსნის მარჯვენა მხარეს, სოფელ მიდელაანის ჩრდილოეთით მდებარეობს ნასოფლარი კვერიათი, სადაც შემორჩენილია IX-X საუკუნეებით დათარიღებული ზურგიანი კოშკი. აქ მცხოვრები წიკლაურების შთამომავალი წიპტაურები, მოგვიანებით ქვემო წიპტაურებში ჩამოსახლდნენ, რომელიც ასევე ნასოფლარია დღეს.
ნასოფლარადაა ქცეული ასევე ის სამი ძველი ქართული სოფელი - ძაბოეთი, ლომისა და ოხირი, სადაც XVIII საუკუნიდან ოსური მოსახლეობა დამკვიდრდა.
ქარჩოხის ხეობაში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა შეიქმნა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რომელმაც სოფლების დიდი ნაწილი გაავერანა და მოსახლეობის გარეშე დატოვა.
საკვანძო სიტყვები: ქარჩოხის ხეობა, სამთავნელის სარგო, დემოგრაფიული ნუსხები, სათავადო, მოგზაური, ოკუპაცია, ნასოფლარი, ციხე-დარბაზი, ეკლესია-მონასტრები.











