უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენა (1941 წლის 30 ივნისი) და დაპირისპირების დასაწყისი მესამე რაიხსა და უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციას შორის
Resumen
სტატიაში, პირველწყაროებზე (საარქივო მასალები, გამოქვეყნებული დოკუმენტები), მემუარულ და სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით, ნაჩვენებია, რომ უკრაინელი ნაციონალისტები, ფაქტობრივად, გერმანია-სსრკ-ს ომის პირველივე დღეებიდან დაპირისპირებაში აღმოჩნდნენ მესამე რაიხის ხელმძღვანელობასთან.
1941 წლის 30 ივნისს ლვივში (ლვოვი) უკრაინელმა ნაციონალისტებმა, სტეპან ბანდერას ხელმძღვანელობით, მიიღეს დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოს აღდგენის აქტი. ამ დოკუმენტის მიხედვით, უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაცია (უნო) აცხადებდა უკრაინის სახელმწიფოს აღდგენას დასავლეთ უკრაინაში და, გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, შემდგომში მისი კონტროლის დამყარებას ყველა უკრაინულ მიწებზე. ერთი შეხედვით, მესამე რაიხისათვის ეს იყო მშვენიერი შესაძლებლობა, სსრ კავშირში შემავალი ერთ-ერთი უმსხვილესი ერის სახით, მიეღო მაღალი მოტივაციის მქონე მოკავშირე საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ეს ასე არ მოხდა. პირიქით, ეს აქტი იქცა დაპირისპირების დასაწყისად გერმანიის ხელისუფლებასა და უკრაინელ ნაციონალისტებს შორის. გერმანელებმა დააკავეს სტეპან ბანდერა და იაროსლავ სტეცკო და გადაიყვანეს ისინი ბერლინში. უშუალოდ ლიდერების გარდა, გერმანელები ორგანიზაციის ჩვეულებრივ წევრებსაც დაერივნენ. სულ დაპატიმრებულ იქნა 1500-მდე ადამიანი. ვინაიდან უკრაინელ ნაციონალისტთა ლიდერები განაგრძობდნენ აქტიურობას და პროტესტს გამოთქვამდნენ უკრაინის დამოუკიდებლობის არცნობის გამო, ბანდერა და სტეცკო 1941 წლის სექტემბერში ჯერ შპანდაუს ციხეში მოათავსეს, 1942 წლიდან კი – ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. 1941 წლის ნოემბერ-დეკემბერში გერმანელები უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის მეორე ნაწილს – ანდრეი მელნიკის ფრთასაც გაუსწორდნენ. მათ დაშალეს კიევში მოქმედი უკრაინის ეროვნული რადა (შეიქმნა 1941 წლის 5 ოქტომბერს), თავად მელნიკი კი ბერლინში შინაპატიმრობაში მოათავსეს.
უკრაინელმა ნაციონალისტებმა გერმანელების ეს ნაბიჯები უპასუხოდ არ დატოვეს. 1941 წლის სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში ლვივთან ახლოს გაიმართა უნო(ბ)-ს პირველი კონფერენცია, სადაც გამოცხადდა ორგანიზაციის იატაკქვეშეთში გადასვლის შესახებ. დეკემბერში იგივე გადაწყვეტილება მიიღო მელნიკის ფრთამაც. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში უკრაინელი ნაციონალისტები ჯერ კიდევ არ აღიარებდნენ ნაცისტურ გერმანიას მტრად. ისინი აცნობიერებდნენ, რომ ერთდროულად ორ ფრონტზე – გერმანელებისა და საბჭოელების წინააღმდეგ – ბრძოლას ვერ შეძლებდნენ. შესაბამისად, გათვლა იყო ასეთი: ომის მოგება საბჭოთა კავშირთან და მხოლოდ შემდეგ ბრძოლა დასუსტებული გერმანიის წინააღმდეგ უკრაინის დამოუკიდებლობის აღსადგენად. შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტიდან უკრაინელი ნაციონალისტებისთვის გერმანია იქცა დროებით, სიტუაციურ მოკავშირედ.
საკვანძო სიტყვები: უკრაინელი ნაციონალისტები; სტეპან ბანდერა; ანდრეი მელნიკი; უკრაინა; უნო; მესამე რაიხი.











