ნასოფლარები ჟამურის ხეობაში

  • DAVID AKHLOURI ისტორიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძისქ., №53,1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-1068-4042

Resumen

ნაშრომში საუბარია ჟამურის ხეობის ნასოფლარებზე. ჟამურის ხეობა ყელის ტბის მიდამოებიდან იწყებოდა, საიდანაც მოედინება მდინარე ქსანი და მოიცავდა ტერიტორიას ქარჩოხის ხეობამდე. საკითხის კვლევისას, პირველ რიგში ყურადღებას ვამახვილებთ სამთავნელის სარგოს X საუკუნის დავთარზე, რომლის ნუსხური ტექსტი საეკლესიო საბუთების კოლექციაში უნახავს ცნობილ მეცნიერს ს. კაკაბაძეს და თავის საისტორიო კრებულში შეუტანია. წყაროში უშუალოდ ჟამურია მოხსენიებული, რაც იმ ფაქტზე მიგვანიშნებს, რომ აქ ქართული მოსახლეობის კვალი ადრიდანვეა საძიებელი.

ჟამურის ხეობის შესახებ საყურადღებო ცნობებია დაცული XVIII საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერაში“. როგორც იგი აღნიშნავს, ადრე ამ ტერიტორიაზე ქართველ გლეხებს უცხოვრიათ, რომლებიც შემდგომ ბარში ჩამოსულან და მათი ადგილი ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლებულ ოსებს დაუკავებიათ.

ჟამურის ტერიტორიაზე ოსების დამკვიდრებამდე რომ ქართველები სახლობდნენ, ეს სხვა წყაროებითაც დასტურდება, უკვე ნახსენები სამთავნელის სარგოს X საუკუნის დავთარის გარდა, აღსანიშნავია XV საუკუნის სამთავნელის სამწყსოს დრამისა და შესავლის დავთარიც, სადაც ასევე მოხსენიებულია ჟამური. საყურადღებოა ი. გაგოშიძის მოსაზრება, იგი ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-III საუკუნეებზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ჟამურის ხეობის ბაგინისა და მცხეთურ ბაგინეთს შორის ტოპონიმიკურ თანხვედრაზე და მიგვანიშნებს ამ პერიოდში მოსახლეობის ქსნის ხეობიდან ბარში გადაადგილებაზე.

ჟამურის ხეობის წარსულის შესასწავლად მნიშვნელოვანია აქ არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების ანალიზი. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, ხეობაში მრავალი მაღალი და კეთილნაშენი კოშკია, მათ შორის გამოარჩევს ბერციხეს, ციხე-კომპლექსის ზურგიან კოშკს მკვლევარები ადრე შუა საუკუნეებით ათარიღებენ, სამხრეთის ბოლოში მდგარ ცილინდრულ კოშკს კი - XVIII საუკუნით, უძველესადაა მიჩნეული კოშკებს შორის მდგარი უაფსიდო ეკლესიაც.

ჟამურის ხეობის საფორტიფიკაციო ნაგებობებიდან აღსანიშნავია ასევე ალავერდის ციხე-კომპლექსი, რომელსაც პარმენ ზაქარაია IX-X საუკუნეების ძეგლებში უძებნის ანალოგს.

ბერციხისა და ალავერდის გარდა, ჟამურის ხეობაში, საგუშაგო დანიშნულების მქონე რამდენიმე მარტო მდგარი კოშკი გვხვდება, მათ შორის ბაგინის კოშკი, რომელიც საერთო მონაცემებით XVI-XVII საუკუნეთა მიჯნით თარიღდება. ნაშრომში განმარტებულია ჟამურისა და აქ არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების სახელწოდებებია, ნაჩვენებია ხეობის მცხოვრებთა რელიგიური ყოფა.

კვლევის ძირითადი ნაწილი ეთმობა დემოგრაფიულ ვითარებას, აქ ოსი მოსახლეობის დამკვიდრებისა და ცხოვრების პერიოდს, გაანალიზებულია როგორც XVIII საუკუნის ნუსხები, ისე XIX-XX საუკუნეების აღწერათა მონაცემები, რომელთა უმრავლესობა ქვეყნდება პირველად, რუსული კამერალური აღწერების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჟამურში მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისთვის 18 სოფელი არსებობდა: ბაბუანთკარი (1 კომლი), ვალაგ ბაგინი (16 კომლი), შუა ანუ ქვემო ბაგინი (11 კომლი), გორგა (3 კომლი), გურწიანთკარი (10 კომლი), ჯაანთკარი (ჯიანთკარი) (3 კომლი), ძოწიანთკარი (5 კომლი), კაპიკავი (3 კომლი), კორა (12 კომლი), კურდიკომი (1 კომლი), ნავისხევი (4 კომლი), ფაგიანთკარი (5 კომლი), საღო (5 კომლი), სიღდა (1 კომლი), თოგოიანთკარი (4 კომლი), ფარნიანთკარი (1 კომლი), წინასოფელი (3 კომლი), ჩიგოიანთკარი იგივე დალაკაუ (13 კომლი). აქ ცხოვრობდნენ: ბიგანაშვილები, ბიტარაშვილები, გურჩიშვილები (გურწიშვილები), გაბლოშვილები, ჯებისაშვილები, მედოშვილები, თოგოშვილები, ფარნიშვილები, ფაგიშვილები, ჩოღოშვილები, გოლოშვილები... ისინი მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ. ჟამურში მიწები და ყმები ქსნის ერისთავებს ეკუთვნოდათ. ბოლო სოფლები, სადაც XX საუკუნის 80-იან წლებამდე მოსახლეობა ჯერ კიდევ ცხოვრობდა, ჩიგოიანი (8 კომლი) და ნავისხევი იყო (2 კომლი). 1989 წლის აღწერის დროს კი ჟამურის ხეობაში აღარავინ მკვიდრობდა.

საკვანძო სიტყვები: ჟამურის ხეობა; სამთავნელის სარგო; დემოგრაფიული ნუსხები; ქსნის ერისთავები; ყმა-გლეხები; ნასოფლარები; ციხე-კომპლექსი.

Publicado
2023-12-24
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია