გაზეთში ,,7 დღე“ გამოქვეყნებული ერთი პუბლიკაციის შეფასებისათვის
Resumen
1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში თბილისში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების განხილვა დღემდე აქტუალურია. მისი დასრულების შედეგად საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოქცეულმა ძალებმა და მათმა მხარდამჭერებმა მომხდარი სამოქალაქო ომად შეაფასეს, მთავარ დამნაშავედ კი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი ხელისუფლება დაასახელეს. მაგრამ მათი შეფასება რამდენად იყო სწორი, ან ვის ინტერესებს ემსახურებოდა ასეთი შეფასება _ დღემდე არ არის სათანადოდ შესწავლილი და ბოლომდე გარკვეული. 1991 წლის 4 იანვარს საქართველოში გამოსული გაზეთი ,,7 დღე“-ს მორიგი ნომერი თავისი სათაურით ,,სამოქალაქო ომი თუ მშვიდობა?“ იმთავითვე იქცევდა მკითხველის ყურადღებას. რომელ სამოქალაქო ომზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი იმ დროს, როცა ქვეყანას არა ძალადობრივი გზით, არამედ სრულიად ლეგიტიმურად, დემოკრატიულად, პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგების საფუძველზე ახლადარჩეული პოლიტიკური ძალა ედგა სათავეში. მის მმართველობაში არ შეინიშნებოდა მოძალადეობრივი ფორმების და მიდგომების გამოყენება. ასე მოკლე ხანში 70-წლიან საბჭოურ რეჟიმგამოვლილ რესპუბლიკასაც ერთბაშად განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნად ვერავინ აქცევდა და ამ მიზნის მისაღწევად თავდაპირველად გამოცხადდა ე. წ. ,,გარდამავალი პერიოდი“. შესაბამისად, საჭირო იყო გარკვეული რეფორმების განხორციელება სხვადასხვა სფეროში. რეფორმების გატარებას კი სათანადო მომზადება და მშვიდი გარემო ესაჭიროებოდა. აღნიშნულ საგაზეთო პუბლიკაციაში კი მოცემული მასალა, რომლებიც ძირითადად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის აკაკი ასათიანის და ,,მხედრიონი“-ს ლიდერის ჯაბა იოსელიანის ინტერვიუებს მოიცავს, საგულისხმო ინფორმაციებს ვაწყდებით იმ დროისათვის მიმდინარე პროცესების ირგვლივ. ოპოზიციურად განწყობილი შეიარაღებული ფორმირება ,,მხედრიონი“ იარაღმომარჯვებული ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებას და არ აძლევდა მას არჩეული ეროვნული კურსის მშვიდ ვითარებაში გატარების საშუალებას. საინტერესოა, რომ 1991 წლის 22 დეკემბერს თბილისში დაწყებული ტრაგიკული მოვლენების პირობებში ერთ მხარეს აღმოჩნდა ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს ,,მხედრიონი“ სხვა შიდა და გარე ძალებთან ერთად. სისხლისმღვრელი დაპირისპირების შემდეგ მომხდარის განმსაზღვრელი სტატუსის სწორად აღქმისა და გაცნობიერების საკითხში კი სწორედ ასეთი ბეჭდური მასალები გვიწევენ დიდ დახმარებას. განხორციელებული კვლევა კი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ შემდეგი: თბილისში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები ვერ შეფასდება სამოქალაქო ომად. მისთვის სამოქალაქო ომის სტატუსის მინიჭება მხოლოდ იმ ძალების ინტერესებში შედიოდა, რომლებიც დაპირისპირების დროს მოძალადე მხარეს წარმოადგენდნენ.
საკვანძო სიტყვები: გაზეთი ,,7 დღე“; სამოქალაქო ომი; ეროვნული ხელისუფლება; ,,მხედრიონი“; 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარი; ოპოზიცია.











