,,ბერად დაყენების“ რიტუალი აღმოსავლეთ საქართველოში
Resumen
საუკუნეების მანძილზე ხალხის ყოფაში შემონახული მდიდარი და მრავალმხრივი მასალა სათანადო მეთოდით შეგროვილი და კრიტიკული მიდგომით შესწავლილი წარმოადგენს ძვირფას წყაროს ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ენათმეცნიერების საკვანძო საკითხების გასარკვევად.
წინამდებარე ნაშრომში ეთნოგრაფიული მასალებისა და სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე შესწავლილია ,,ბერად დაყენების“ წეს-ჩვეულება აღმოსავლეთ საქართველოში.
ბერი პოლისემანტიკური სიტყვაა ქართულში. ბერი - 1. საეკლესიო პირი; 2. მოხუცი ადამიანი; 3. ახლად დაბადებული ბავშვი. ფშავში, ხევსურეთსა და თუშეთში ხევისბერთა სამყოფელ შენობას საბერო ეწოდებოდა.
უშვილო ცოლ-ქმარი, ან ისინი ვისაც შვილები უჩნდებოდათ, მაგრამ ეღუპებოდათ ან ხშირად უხდებოდათ ავად, შეუთქვამდნენ ადგილობრივ ეკლესიას: ,,ოღონდ შვილი გადაგვირჩინე და შენს კარზე ბერად მოვიყვანთო“. ბერად დაყენების ნიშნად ბავშვებს უზრდიდნენ თმას, მოსავდნენ თეთრ სამოსელში და ტოვებდნენ გარკვეული ვადით ეკლესიის კარზე. მას ხელზე ჩამოჰკიდებდნენ თეთრ ქსოვილში გახვეულ მონეტას, რომელსაც ვადის გასვლამდე ატარებდა. ბერები ეკლესიას ემსახურებოდნენ. დათქმული ვადის გასვლის შემდეგ თმას აჭრიდნენ და თეთრ სამოსელთან ერთად ტოვებდნენ ეკლესიაში.
ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ თუშეთში ჩაწერილ ეთნოგრაფიულ მასალებში დასტუდება ტერმინი ,,წლის ბერები“. ,,წლის ბერებს“ უწოდებდნენ მიცვალებულის ნათესავ მამაკაცებს, რომლებიც გლოვის ნიშნად წლამდე ატარებდნენ წვერს.
აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ,,ბერად დაყენების“ ტრადიციას ქრისტიანული დატვირთვა აქვს და მისი შესწავლა, ახლებურად გააზრება მნიშვნელოვანია თანამედროვეობასთან მიმართებაში.
საკვანძო სიტყვები: აღმოსავლეთ საქართველო; ბერად დაყენება; წლის ბერები; ეთნოგრაფიული მასალები; სულიერი კულტურა; ტრადიციები.











