ზედა მაჭახელი (ეთნოლოგიურ-დიალექტოლოგიური შესწავლის ზოგიერთი ასპექტი)
Resumen
ისტორიული ბედუკუღმართობის გამო სამხრეთ - დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთის შემადგენლობაშია მოქცეული. მათ შორისაა ზედა მაჭახელი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში ზედა მაჭახელი ისტორიულად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. კუთხე საუკუნეთა განმავლობაში ტბეთის ეპარქიაში შედიოდა და კლარჯეთის დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა, რაზეც მეტყველებს ხეობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ყოფა, ნაშთების სახით შემორჩენილი მატერიალური კულტურის ძეგლები, საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული და დღემდე მოღწეული ქართული მეტყველება, ჯერ ისევ გადარჩენილი ქართული სული, ეროვნული ცნობიერება.
ზედა მაჭახელი ეთნოგრაფიული თუ დიალექტოლოგიური კუთხით საინტერესო მხარეს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, უკანასკნელ პერიოდამდე შეუძლებელი იყო ზედა მაჭახელში შეღწევა, რაც უფრო აღრმავებდა ისტორიული ხეობით მოგზაურ-მკვლევართა თუ მეცნიერთა დაინტერესებას.
ზედა მაჭახელი დღემდე განიცდის უცხო წეს-ჩვეულებათა, ტრადიციათა და ენობრივ გავლენას. მიუხედავად ამ რეალობისა, მოსახლეობამ მაინც შეინარჩუნა ეროვნული თავისთავადობა. კვლევის მიზანი სწორედ ზედა მაჭახლის ეთნოლოგიურ-დიალექტოლოგიური თავისებურებების ზოგიერთი ასპექტის კვლევაა. ზედა მაჭახლის ყოფა-ცხოვრების, კულტურისა და დიალექტურ თავისებურებებზე მსჯელობისას ძირითადად ვეყრდნობით ჩვენს მიერ 2010-2015 წლებში ზედა მაჭახლის სოფლებში (ხერთვისი, აკრია, მინდიეთი, ეფრატი, ზედვაკე, ქვაბითავი) ჩატარებული საველე ექსპედიციის შედეგად მოპოვებულ მასალებს.
საკვანძო სიტყვები: ზედა მაჭახელი; ისტორია; ეთნოლოგია; დიალექტოლოგია; ყოფა და კულტურა; ტრადიციები.











