სფერო-კონუსური ჭურჭელი საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ფონდებიდან
Resumen
სტატიაში განხილულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, დმანისის ფონდში დაცული ისლამური კერამიკული ჭურჭლის ერთი ჯგუფი, ცნობილი სახელწოდებით სფერო-კონუსები. ისინი მოპოვებულია დმანისში 60-80-იან წლებში წარმოებული არქეოლოგიური გათხრებით.
მუზეუმის კოლექციაში დაცული არქეოლოგიური ისლამური კერამიკა, მათ შორის ე.წ. სფერო-კონუსური ჭურჭელი, საუკუნეთა განმავლობაში, საქართველოსა და ისლამური სამყაროს დამაკავშირებელი სავაჭრო-საქრავნო გზების აქტიური ფუნქციონირების დასტურია.
სფერო-კონუსების ფართოდ გავრცელება შუა საუკუნეებში, დადასტურებულია როგორც ახლო აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში, ასევე კავკასიის რეგიონში, ცენტრალურ აზიასა და აფრიკის ქვეყნებში და სხვ.
ჭურჭლის დანიშნულების ირგვლივ მრავალი ჰიპოთეზა არსებობს. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება სფერო-კონუსების საბრძოლო დანიშნულების შესახებ: ჭურჭელს მიიჩნევენ ბერძნული ცეცხლის ხელით სასროლ ჭურვად. გამოთქმულია მოსაზრებები კერამიკული სფერო-კონუსური ჭურჭლის დანიშნულებაზე, როგორც სხვადასხვაგვარი სითხეების სამგზავრო-გადასატან კონტეინერებზე და სხვ. ერთიანი აზრი ამ საკითხზე მკვლევარებს დღემდე არ აქვთ.
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს და სხვადასხვა არქეოლოგიურ ფენაში აღმოჩენილი იმპორტირებული კერამიკის მრავალფეროვნება, მეტად მნიშვნელოვანია გარესამყაროსთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ისტორიის დაზუსტებისათვის. მიუხედავად დმანისური კოლექციის სფერო-კონუსური ჭურჭლის ხშირ შემთხვევაში ფრაგმენტული ხასიათისა, მათმა შესწავლამ კიდევ ერთხელ, ნათელი მოჰფინა დმანისის, როგორც სტრატეგიული ქალაქის მნიშვნელობას, რომელზეც გადიოდა ამიერკავკასიის ისლამურ სამყაროსთან დამაკავშირებელი სავაჭრო-საქარავნო გზები. ამ გზების ფუნქციონირების დასტურია წარმოდგენილი კოლექციაც.
წინამდებარე კვლევის ფრაგლებში დაზუსტდა ჩვენი სფერ-კონუსური ჭურჭლის კოლექციის ქრონოლოგიური საზღვრები, რომელიც პარალელურ მასალაზე დაყრდნობით, X-XIII სს.- ით განისაზღვრა. რაც მთავარია, მოგვეცა საშუალება გამოგვეთქვა საკუთარი მოსაზრებები ჭურჭლის ფუნქციონალური დანიშნულების შესახებ ჩვენში: ცალსახაა, რომ ისევე როგორც ამიერკავკასიის სხვა დიდ ქალაქებში, სფერო-კონუსები ჩვენთანაც სავაჭრო-პრაქტიკული დანიშნულებით და ყოველდღიურ ყოფაში გამოიყენებოდა. შესაძლოა ის ვერცხლისწყლის, ფარმაკოლოგიური საშუალებების ანდა სულაც სასმელი სითხის ტრანსპორტირებისთვის საჭირო კონტეინერს წარმოადგენდა. ზუსტი პასუხის უქონლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ჭურჭელზე არ არის შემორჩენილი კონკრეტული ნივთიერებების კვალი.
დმანისის კოლექციის იმპორტირებული სფერო-კონუსები პირველად ქვეყნდება და შესაბამისად, ცნობილი და ხელმისაწვდომი ხდება საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის.
საკვანძო სიტყვები: ისლამური კერამიკა; დმანისი; შუა საუკუნეები; სფერო-კონუსური ჭურჭელი;











