ოქროს საყურეები კავკასიის მუზეუმის პირველი კოლექციებიდან
Resumen
წინამდებარე ნაშრომი ეხება ოქროს საყურეებს ,,კავკასიის მუზეუმის“ პირველი კოლექციებიდან. საყურეები კავკასიის რეგიონის ხუთი სხვადასხვა ადგილიდან მომდინარეობს - სამთავროს სამაროვანი (იბერია), დიგორა, სტავროპოლი, დივნოე და პროხლადნი (ჩრდილოეთ კავკასია). პირველ კოლექციებში შემავალი არტეფაქტების საერთო რაოდენობაში საყურეები ყველაზე დიდ ჯგუფს ქმნის და სხვა ძეგლებზე აღმოჩენილი პარალელების გათვალისწინებით გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. საყურეები ახ.წ. II-VIII საუკუნეებს განეკუთვნება. ჩატარებული კვლევების შედეგად განისაზღვა საყურეების ქრონოლოგია, ტიპოლოგია, კულტურული კუთვნილება, გავრცელების არეალი და ქიმიურ-ტექნოლოგიური დეტალები. საყურეები ტიპოლოგიურად ორ ჯგუფს მიეკუთვნება: 1. ერთწილადი საყურეები (საყურის რგოლზე უძრავად მირჩილული ან ასხმული ვარდულები, მძივები და საკიდები) და 2. ორწილადი საყურეები (რგოლზე მოძრავად შეკიდული მძივები და საკიდები). რადგანაც საყურეები შემთხვევითაა აღმოჩენილი და მათი არქეოლოგიური კონტექსტი უცნობია, დათარიღება განხორციელდა აღმოსავლეთ საქართველოს და ჩრდილოკავკასიის სამაროვნებზე აღმოჩენილი მსგავსი ან ანალოგიური, უკვე დათარიღებული მასალის გათვალისწინებით; ოქროს საყურეების მეტალოგრაფიული ანალიზი შესრულდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრაციისა და კონსერვაციის ინსტიტუტში არადესტრუქციული სპექტრომეტრის (ElvaX ProSpector) გამოყენებით. კვლევის შედეგად თითოეული საყურის ზუსტი შედგენილობა განისაზღვრა. საყურეები როგორც ფორმების, ასევე მხატვრული დამუშავების თვალაზრისით მრავალფეროვანია, თუმცა სტილისტურად იმეორებს გვიანანტიკურ-ადრეფეოდალურ ხანაში გავრცელებული ოქრომჭედლობის ზოგად ტენდენციებს, რაც შეინიშნება აღმოსავლეთ საქართველოს სამაროვნებზე და ჩრდილო კავკასიაში.
საკვანძო სიტყვები: ოქრო; საყურე; კავკასია; გვიანანტიკური ხანა; ადრეფეოდალური ხანა;











