ცროლის სანება - ცროლის მთის და წმინდა სამების სალოცავის ციკლი
Resumen
წინამდებარე სტატიაში ვეხებით მითოლოგიური გადმოცემების ციკლს (ანდრეზებს) ცროლის მთის შესახებ. ტერმინი „ანდრეზი“ ნიშნავს ზეპირსა თუ წერილობით გადმოცემას. იგი წარმოადგენს ერთგვარ სავალდებულო წესს, რომლის ცოდნა და ზედმიწევნითი აღსრულება სავალდებულოა და მშობლიდან, თუ წინაპრებისგან გადაეცემა შთამომავლობას. ანდრეზები თემის წევრების რწმენა-წარმოდგენებისა და წეს-ჩვეულებების ერთობლიობაა, რომლებიც ეჭვის გარეშე მიიღება სალოცავის „ყმების“ მიერ, რამეთუ ყოველივე, რაც მათ ირგვლივაა არსებობს თუ ხდება, სწორედ ანდრეზის უტყუარობაზე მიუთითებს.
კავკასიის მთიანეთში მუდამ მტკიცედ იყო გამჯდარი წინაპართა რჯულის ზედმიწევნითი აღსრულების საქმე. კავკასიის მთიანეთმა გააერთიანა სხვადასხვა კუთხისა თუ ეთნოსების წარმომადგენლები, ვინაიდან ისტორიამ და კულტურამ მჭირდოდ დააკავშირა მათი ბედ-იღბალი.
ქართული მითოლოგიური გადმოცემების ერთი უმთავრესი თემა, შეიძლება ითქვას ჟანრიც კი, არის სალოცავებისა და კულტმსახურების ძეგლების დაარსება. ყველა ამ სალოცავსა და წმინდა ადგილს დაარსების სასწაულებრივი ისტორია აქვს, რაც აისახება ანდრეზებში. ეს ჟანრი განსაკუთრებით პრევალირებს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თუმცაღა, მთელი სამხრეთ კავკასიის მითოლოგიური გადმოცემებისათვისაა დამახასიათებელი. უფრო მეტიც, თავად მთები წარმოადგენენ თაყვანისცემის ობიექტებს, რამეთი ისინი მიიჩნევიან შემომქმედის სამყოფელად. ამრიგად, მთები ბუნებრივად უკავშირდებიან სამყაროს შექმნის უძველეს წარმოდგენებსაც.
მოცემულ სტატიაში წარმოვადგენთ ხუთი მითის ინგლისურ თარგმანს. ეს მითებია: „ცროლის სანება“, „საჯანღეს შეფარებული ქისტები“, „სანების ჯვრის გამძღო“, „ცროლის მთის სასწაულები“, „მარილის ვეძა“ და „მითხოელი მჭედლის ამბავი“.
საძიებო სიტყვები: კავკასიოლოგია; უძველესი ისტორია; მითოლოგია; რელიგია; ფოლკლორი და ლიტერატურა.











