ქსნის ხეობა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში და მოსახლეობის პროტესტი

  • GIORGI SOSIASHVILI ისტორიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. #53, 1400, საქართველო, https://orcid.org/0000-0002-2406-8662

Resumen

XIX საუკუნის დასაწყისში, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ რუსეთის ხელისუფლება გეგმა-ზომიერად შეუდგა იმპერიული პოლიტიკის განხორციელებას, რომლის მიზანს საქართველოს სხვადასხვა კუთხის რუსულ სივრცეში ინტეგრაცია და აქ მცხოვრები ხალხის სრული ასიმილაცია წარმოადგენდა. საიმპერატორო კარის ინტერესში შედიოდა კავკასიაში სამხედრო-პოლიტიკური ანკლავების შექმნა, რაც საქართველოში მცხოვრები მთიელების, ასევე ჩრდილო კავკასიიდან შიდა ქართლის მთიან ზოლში ჩამოსახლებული ოსებისათვის ცალკე ადმინისტრაციული ერთეულების ჩამოყალიბებით დაიწყო. 1843 წელს, რუსეთის იმპერიის სამხედრო მინისტრის ჩერნიშევის მითითებით, საქართველოს მთავარმართებელმა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის, რომელიც უწინ გორის, თბილისის და თელავის მაზრებში შედიოდა, ორი ადმინისტრაციული ერთეული: თუშ-ფშავ-ხევსურეთისა და ოსეთის ოკრუგი შექმნა. ოსეთის ოკრუგს მიაკუთვნეს საქართველოს სამხედრო გზის სიახლოვეს მცხოვრები მთიულები და მოხევეები.

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებს დიდ უფლებებს ანიჭებდა 1921 წელს მიღებული კონსტიტუცია. დემოკრატიული რესპუბლიკის ამ უმაღლეს დოკუმენტში მე-14 თავი სწორედ ამ საკითხს ეხება. კონსტიტუციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული უმცირესობების განათლებას და კულტურას. 1921 წლის 25 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიამ საბოლოოდ ხელ-ფეხი გაუხსნა ოს სეპარატისტებს, რომელთა მიზანი საქართველოს შემადგენლობიდან გამოყოფა იყო.

1922 წლის 20 აპრილს გამოიცა დეკრეტი „სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოსი სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ“, რომელსაც ხელს აწერდნენ სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფ. მახარაძე, საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის სახ. კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ს. ქავთარაძე და აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი თ. კალანდაძე. ხელოვნურად შექმნილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში იძულებით შეიყვანეს უძველესი ქართული სოფლები. მიუხედავად მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობისა, ქსნის ხეობა, ისევე როგორც შიდა ქართლის დიდი ნაწილი(დიდი და პატარა ლიახვის ხეობები, ასევე ფრონეს ხეობა) სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მოექცა. კიდევ უფრო პარადოქსული იყო ის ფაქტი, რომ ოლქის შექმნიდან ათიოდე წლის შემდეგ ისტორიული ქსნის საერისთავოს ცენტრს ახალგორს, რომელიც უძველესი დროიდან ქართველთა საცხოვრისი იყო საბჭოთა ხელისუფლებამ სახელი შეუცვალა და მას პროლეტარიატის ბელადის საპატივსაცემოდ - ლენინგორი უწოდა.

საბჭოთა კავშირი დაიშალა წარსულს ჩაბარდა და დავიწყებას მიეცა საბჭოთა სინამდვილეში კომუნისტური პარტიის იდეოლოგთა დაფასების ნიშნად ქალაქებისთვის, თუ დაბებისთვის შერქმეული სახელები. გასაოცარია, რომ ბოლშევიკების იდეური წინამძღოლის ვ. ლენინის სახელი მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში შემორჩა. ოკუპირებულ ქსნის ხეობაში არსებული ძველი ქართული ახალგორი დღესაც ლენინგორად იწოდება. ქსნის ხეობის მრავალ სოფელს, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომამდე ქართველები სახლობდნენ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მესვეურებმა სახელები შეუცვალეს. თინიკაანთ კარს, თინიკათა უწოდეს, პავლიაანთ კარს - პავლიათა, ალევს - ალეუ, ქენქაანთ კარს - ქენქათა, მიდელაანს - მიდელათა და სხვ.

 

საკვანძო სიტყვები: ქსნის ხეობა; ეთნიკური უმცირესობები; სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქი; ოკუპაცია, ბოლშევიკები;

Publicado
2024-06-25
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია