მუშათა მოძრაობა საქართველოში 1870-1921 წლებში

  • IRAKLI IREMADZE ისტორიის დოქტორანტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თბილისი, საქართველო http://orcid.org/0009-0002-4222-3918

Resumen

მუშათა მოძრაობის ისტორია XIX-XX საუკუნეების სოციალური და პოლიტიკური ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ამ პერიოდში განვითარებული არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა სწორედ მუშათა მოძრაობებს, შრომით ურთიერთობებსა და ამ ნიადაგზე წარმოშობილ სოციალურ და პოლიტიკურ კონფლიქტებსა და ტრანსფორმაციებს უკავშირდება. საქართველო, როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილი, ევროპაში დაწყებულ ინდუსტრიალიზაციას და მასთან დაკავშირებულ მუშათა კლასის ზრდის ტენდენციას მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა დროითა და მასშტაბით, თუმცა XIX საუკუნის მეორე ნახევარში გარკვეული ძვრები შეიმჩნეოდა.

წინამდებარე სტატიაში განხილულია მუშათა მოძრაობის განვითარების ეტაპები 1860-1870-იანი წლებიდან. ნაშრომში აქცენტი გამახვილებულია მუშათა გაფიცვებზე, მუშათა სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე. ტექსტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს  მუშათა მოძრაობისა და სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური ჯგუფის ურთიერთობას 1890-იანი წლებიდან; მუშათა მოძრაობის, როგორც პოლიტიკური შინაარსის მატარებელი გაერთიანების, როლსა და მის მოქმედებებს, საიმპერიო რეჟიმის პოლიტიკას მუშათა მოძრაობების წინააღმდეგ და მუშათა რევოლუციურ გამოსვლებს, რომლებიც ინსპირირებული და მხარდაჭერილი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ.

კვლევაში ცენტრალური ადგილი უჭირავს 1917-1921 წლების მოვლენების აღწერას და გაანალიზებას, ეპოქისა, რომლის დროსაც მუშებმა რევოლუციის შემდეგ მოახერხეს პოლიტიკაზე რეალური გავლენის მოხდენა და თავადაც გაიზიარეს ძალაუფლების სადავეები. ნაშრომის აღნიშნულ ნაწილში განხილულია ის, თუ როგორ და რის საფუძველზე შენდებოდა დემოკრატიულ რესპუბლიკაში შრომის პოლიტიკა, რა როლი და ადგილი ეკავა მუშათა მოძრაობას და მათ პროფესიულ გაერთიანებებს, რა დამოკიდებულება ჰქონდა მთავრობასა და პროფესიულ კავშირებს უკვე დამოუკიდებელ საქართველოში გაფიცვებისა და მუშათა ცალკეული ჯგუფების მიერ წარმოებული წინააღმდეგობების მიმართ. ნაშრომში ციტატებისა და შეფასებების სახით წარმოდგენილია პოლიტიკური ლიდერების თვალსაზრისები რესპუბლიკის შრომის პოლიტიკისა და მშრომელთა პროფკავშირების შესახებ.

საქართველოს მუშათა მოძრაობის ისტორია ნაშრომში განხილულია ევროპულ კონტექსტში და ცალკეული პერიოდებთან მიმართებით გვაძლევს რეტროსპექტული ანალიზის საშუალებას.

საკვანძო სიტყვები: მუშათა მოძრაობა; რუსეთის იმპერია; სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია; საქართველოს დემოკრატიული მოძრაობა; პროფესიული კავშირები.

Publicado
2024-06-27
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია