დონ კრისტოფორო კასტელი - საქართველოს მედიატორე
Resumen
1654 წელს საქართველოს მოამაგე ხანდაზმულმა და დაავადებულმა კრისტოფორო კასტელმა, 22 წლის შემდეგ დატოვა ეს ქვეყანა და სამშობლო იტალიისკენ გაეშურა. მას თან მიჰქონდა რუდუნებით შექმნილი ნამოღვაწარი: წერილები, ეთნოგრაფიული აღწერები, განსაკუთრებით კი ნახატები, რომელიც XX საუკუნის დასაწყისიდან მიქელ თამარაშვილის (Michel Tamarati) მონდომებით XVII საუკუნის საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურის ისტორიის შესწავლისათვის უპირველეს წყაროს წარმოადგენს.
კრისტოფორო კასტელი ცდილობდა ერთმანეთთან შეერიგებინა იმერეთის მეფე და მთავრები, ქვეყანაში ყოფილიყო მშვიდობა. ყოველივეს, რასაც კასტელი აკეთებდა (მათი მხოლოდ ჩამოთვლაც კი, შორს წაგვიყვანს) ქართველი მეფეები, მთავრები და დიდკაცობა დადებითად აფასებდნენ, რასაც ის გულახდილად მოუთხრობდა მკითხველებს თავის წერილებში.
დიდად მნიშვნელოვანი და საინტერესოა კრისტოფორო კასტელის დიპლომატიური საქმიანობა, როგორც ქვეყნის შიგნით მეფე-მთავრებს შორის მშვიდობის დასამყარებლად, ისე იტალიის სამთავროებთან საკონტაქტო წერილებში, რომლებიდანაც ჩანს, რომ ის თვითონ აგზავნის იტალიაში რომის პაპთან, ვენეციის რესპუბლიკასა და ტოსკანის საჰერცოგოს სუვერენებთან, ის კურიერებისა და მისიონერების შუამავლობით იღებს წერილობით და ზეპირ ინფორმაციას იტალიიდან და გადასცემს ადრესატებს საქართველოში თავის შეფასება-მოსაზრებებით.
კრისტოფორო კასტელის დიპლომტიურ მოღვაწეობაზე სტატია უნდა დავამთავრო იმ სამი წერილით, რომლებიც გამოაქვეყნა ბერნადეტე მაჟორანამ (Bernadete Majorana) 1990 წელს და აქამომდე სრულიად უცნობი იყო ქართველი ისტორიკოსებისათვის. უკანასკნელის, 1654 წელს ქართულად დაწერილის ადრესატია ტოსკანის ერცჰერცოგი ფერდინანდო მედიჩი. კასტელი მედიჩის არქივში ჩაბარებული წერილისთვის გაკეთებულ თავის რეზიუმეში მიუთითებს სხვა წერილებზე, რაც მინიშნებაა, რომ ბოლო წერილი შეიძლება იყვეს უფრო დიდი მიმოწერის ნაწილი. კასტელისგან იმის მცდელობასაც ვხედავთ, რომ ერთმანეთთან დაახლოვოს იმერეთის (დასავლეთ საქართველო) მეფე და ტოსკანის ერცჰერცოგი, მაგრამ მისიონერის ეს კეთილშობილური მიზანი სრულიად უსაფუძვლო იყო.
საკვანძო სიტყვები: კრისტოფორო კასტელი; ფერდინანდო; ალექსანდრე; იმერეთი; ტოსკანა;











