ქრისტიანობის გავრცელება ტაო-კლარჯეთში და ქართული ხელნაწერების გავლენა რელიგიურ ცხოვრებაზე
Resumen
ქართულ ისტორიოგრაფიაში ჩრდილო-აღმოსავლეთი ანატოლიის ართვინის, ერზრუმის, არდაჰანის და ყარსის მხარის ერთ ნაწილი იწოდება ტაო-კლარჯეთად. აღნიშნულმა მხარემ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა IX-XII საუკუნეებში. აქ ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს დაიწყო სამონასტრო მშენებლობა, რომელმაც უფრო ინტენსიური ხასიათი ტაო-კლარჯეთის სამეფოს არსებობის პერიოდში მიიღო. მეათე საუკუნის წერილობითი ძეგლიდან „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ქართლიდან კლარჯეთში ჩამოსულმა ღვთისმსახურმა გაშალა საეკლესიო მშენებლობა და გამოზარდა მოწაფეები. მეცხრე საუკუნის ბოლოს არაბთაგან დევნილი აშოტ კურაპალატი კლარჯეთში გადავიდა და სამეფო დაარსა. იგი და მისი მემკვიდრენი ხელს უწყობდნენ გრიგოლ ხანცთელის მიერ წამოწყებულ სამონასტრო მშენებლობას და მფარველობას უწევდნენ სულიერ ცხოვრებას.
ტაო-კლარჯეთში საეკლესიო არქიტექტურამ, რომელიც თანდათან იზრდებოდა აშოტის თაოსნობით, პიკს მიაღწია, როცა რეგიონში ბაგრატიონთა დინასტია გაბატონდა და გაძლიერდა. ტაო-კლარჯეთის მხარეში სამონასტრო მშენებლობა-მოღვაწეობასთან ერთად იგულისხმება სკოლების და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებობაც, სადაც ისწავლებოდა ქრისტიანული სარწმუნოება, ფილოსოფია, უცხო ენები და ხელოვნება. ამას გარდა, იწერებოდა წმინდანთა ცხოვრებანი, ორიგინალური საგალობლები და თეოლოგიური ტექსტები.
წინამდებარე კვლევაში განმარტებულია ტაო-კლარჯეთის სარწმუნოებრივი მნიშვნელობა ქართველებისთვის. ეს ისტორიული მხარე მნიშვნელოვანია საქართველოში ქრისტიანობის მიღებისა და გავრცელებისთვის. აქაური ხელნაწერები ძირითადად რელიგიურ ხასიათს ატარებენ. ამას გარდა, ხელნაწერები წარმოადგენენ წყაროებს რეგიონის ისტორიის უკეთ გასაგებად, ადგილობრივ მცხოვრებთა, მხარეთა და ადგილთა სახელების დადგენის და იმ პერიოდის პოლიტიკური და სოციალური მოვლენების შესწავლის თვალსაზრისით.
საკვანძო სიტყვები: ქართველები; ქრისტიანობა; ტაო; კლარჯეთი; ხელნაწერები.











