ვარდების რევოლუციის როლი საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში
Resumen
სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის პირველ წლებში ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებს მოუწიათ უამრავ პრობლემასთან გამკლავება. ეს, განსაკუთრებით ეხება თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის, ეკონომიკურ განვითარების და ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის პერიოდს. აღნიშნული პრობლემების გარდა, 1991 – 1993 წლებში საქართველოში მომხდარმა შიდა შეიარაღებულმა კონფლიქტმა, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დააზიანა. ხსენებულმა კონფლიქტურმა გარემომ საქართველოს დემოკრატიზაციისკენ მიმავალი გზა გადაკეტა და საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად იქცა. შიდა სტაბილურობის მოშლამ სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, სამოქალაქო საზოგადოების წარუმატებლობა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შეფერხება გამოიწვია. ამას გარდა, რუსეთის მხრიდან ზეწოლა დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდის საქართველოს პოლიტიკაზე გავლენას ახდენდა. თუმცა, 2000-იანი წლების დასაწყისში ქვეყნის გეოპოლიტიკური პოზიციის გაძლიერებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებმა, განსაკუთრებით კი აშშ-მა, საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკის შემუშავება დაიწყეს. განსაკუთრებით, ენერგეტიკულმა სატრანზიტო პროექტებმა და საქართველოს სატრანზიტო მარშრუტზე მდებარეობამ საქართველოს შიდა სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობა ცხადყო.
ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში განხორციელებული ფერადი რევოლუციების კვალდაკვალ, 2003 წელს საქართველოშიც მოხდა „ვარდების რევოლუცია“. ამ ნაბიჯის შედეგად, რომელიც მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი იყო ქართულ პოლიტიკაში, დასრულდა საქართველოს რუსეთზე ორიენტირებული სახელმწიფო ტრადიცია და დასავლური ნორმების შესაბამისად, უფრო დემოკრატიული და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის მიზნით რეფორმების სერია დაიწყო. დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესის შედეგად, ენერგეტიკის სფეროს იმ სატრანზიტო პროექტების დაჩქარება მოხდა, რომლებშიც ქვეყანაა ჩართული.
წინამდებარე კვლევა ეხება საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესის შიდა და გარე ფაქტორებს. განხილულია ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ცვალებადი სახე და შეფასებულია ლიდერისა და სამოქალაქო საზოგადოების გავლენა ტრანსფორმაციის პროცესში.
საკვანძო სიტყვები: ვარდების რევოლუცია, საქართველო, დემოკრატიზაციის პროცესი, ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა.











