საქართველოში ცხოველმყოფელი ჯვრის ჩამობრძანების ისტორიიდან
Resumen
ღვთაებრივი ხის შესახებ, რომლისაგან გამოთლილ ჯვარზე კაცობრიობის მხსნელი, განკაცებული მაცხოვარი იესო ქრისტე აწამეს, მრავალი ლეგენდა არსებობს და ეს შემთხვევითი არ არის. ასეთი სიწმინდე ქრისტიანობის გავრცელებისთანავე მორწმუნეთა მხრიდან დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა და მას ჯვარცმული იესოს მიმდევრები მრავალ სასწაულს მიაწერდნენ. ქართული ტრადიციით, ბიბლიური ხის აღმოცენება იმ ადგილს უკავშირდება, სადაც შემდგომში იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერი აშენდა, თუმცა არსებობს სხვა გადმოცემებიც, რომლებიც ღვთიურ ხეს ბიბლიურ ადამთან, ან ებრაელთა ლეგენდარულ მეფესთან-სოლომონთან აკავშირებს. მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის აღმოჩენას საეკლესიო ტრადიცია ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინეს დედის-ელენეს (248/250-330 წ.წ.) სახელს მიაწერს, დედოფალს, რომელიც განსაკუთრებული ღვთისმოსაობით და ქრისტიანებისადამი შემწყნარებლობით გამოირჩეოდა. სწორედ მან მიაგნო გოლგოთაზე მაცხოვრის წმინდა ჯვარს და იესოს საფლავს. ეს ფაქტი დაახლოებით 326-328 წლებში მოხდა. მოგვიანებით, წმინდა ჯვრის ნაწილები არაერთ ქვეყანაში განიბნა. სიწმინდის ფრაგმენტები ინახებოდა მართლმადიდებელ, კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში. ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილმა საქართველოში, ქვეყნის გაქრისტიანებისთანავე დაივანა.
მცხეთაში წმინდა ხის მოჭრის ქრისტიანული თქმულება ბიბლიური ხის გავლენით შეიქმნა. ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეს მიერ საქართველოში გამოგზავნილი ჭეშმარიტი ჯვრის ნაწილი ქართლის სატახტო ქალაქში, ამ უდიდეს საკრალურ ადგილზე დააბრძანეს, ხოლო მეორე -„ფიცარნი ფერხთა“კი ინახებოდა მანგლისში, რომელიც შემდეგ ჰერაკლე კეისარმა წაიღო, თუმცა, როგორც ჩანს, ის დანაწევრებული იყო და, მოგვიანებით, მისი ერთი ნაწილი დავით აღმაშენებლის გულსაკიდ ჯვარში ჩაუტანებიათ.
საკვანძო სიტყვები: ცხოველმყოფელი ჯვარი; წმინდა ხე; მცხეთა; წმინდა ნინო; მირიან მეფე; იმპერატორი კონსტანტინე.











