ქსნის ხეობის სოფელ ხოზოეთის ისტორიიდან
Resumen
ნაშრომში საუბარია ქსნის ხეობის სოფელ ხოზოეთის შესახებ, რომელიც ქარჩოხის თემს მიეკუთვნებოდა. ისტორიულ-გეოგრაფიული გარემოს მიმოხილვის შემდეგ განმარტებულია ტოპონიმი ხოზოეთი. სახელის ფუძე მსხვილმარცვლიან უფხო პურს უნდა უკავშირდებოდეს.
მიმოხილულია სოფლის რელიგიური ყოფა და იქ არსებული სალოცავები: შუა საუკუნეების წმინდა ბარბარეს სახელობის დარბაზული ეკლესია, გარდამავალი ხანის მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც სოფლის მოსახლეობისთვის წმინდა გიორგის სახელითაც იყო ცნობილი.
სოფლის მოსახლეობა თითქმის ყველა ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავდა: ღვთისმშობლობას, ლომისობის, გიორგობას, კვირაცხოვლობას, მთავარანგელოზობას, ბარბარობას... ზოგჯერ ერთ ტაძარში რამდენიმე დღესასწაულს ერთად ზეიმობდნენ, რაც იწვევდა მის მოხსენიებას სხვადასხვა სახელებით... ეკლესიების გარდა ცალკე ნიშებიც ჰქონდათ აგებული. ხოზოეთის ძველი მოსახლეობის სამლოცველო ყოფილა ასევე სოფლის დასავლეთით, კუცხოეთთან ახლოს მდებარე ღვთისმშობლის ტაძარი.
სოფლის დემოგრაფიულ სურათის წარმოსაჩენად მიმოხილულია XVIII საუკუნის მეორე ნახევრის სამთავისის საყდრის გამოსავლის დავთარი, ქსნის საერისთავოს 1774 და 1783 წლების სტატისტიკური აღწერილობები, 1774-1800 წლების დავთარი ზემო ქართლის სოფლებიდან „გასაყვანი მორიგისა“, რომელთა მეშვეობითაც ვეცნობით შესაბამისი პერიოდის სოფლის მოსახლეობის დინამიკას, მათზე დაკისრებულ გადასახედებს, აქ არსებულ სოფლის მეურნეობის დარგებს, ყმა-გლეხებსა და მებატონეთა შორის არსებულ ურთიერთობებს.
XIX საუკუნის წყაროების ანალიზი 1803 წლის საუფლისწულო აღწერით იწყება, რასაც რუსული კამერალური აღწერები მოსდევს, დაწყებული 1804 წლიდან 1886 წლის აღწერის ჩათვლით. XX საუკუნის მოსახლეობაზე საუბარია 1923 წლის, ასევე 1939, 1959, 1970, 1979 და 1989 წლების საკავშირო აღწერების მიხედვით. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა XXI საუკუნის დასაწყისისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციის შემდგომდროინდელ ვითარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ XIX-XX საუკუნების კამერალური თუ საკავშირო აღწერების უმრავლესობა, ქვეყნდება პირველად, რაც საკვლევ თემას უფრო მნიშვნელოვანსა და აქტუალურს ხდის.
სოფლის წარსულის უკეთ წარმოსაჩენად, ისტორიულ წყაროებთან ერთად ყურადღება ეთმობა ქსნის ხეობის მოსახლეობაში შემორჩენილ ფოლკლორულ მასალას.
ნაშრომის ბოლოს საუბარია იმ მიზეზებზე, რამაც გამოიწვია ამ მაღალმთიანი სოფლის ნასოფლარად ქცევა XX საუკუნის ბოლოს.
საკვანძო სიტყვები: ქარჩოხის ხეობა; დემოგრაფიული ნუსხები; მიგრაცია; კომლი; ეკლესია-მონასტრები; ხატიმიწები; ეპიტაფიები; ნასოფლარები; ოკუპაცია.











