დალის ხეობის ისტორიული გეოგრაფიიდან
Resumen
საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული//ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების შესწავლა ქართული საისტორიო მეცნიერებისათვის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში კარგად არის გააზრებული, რომ ქვეყნის მეტნაკლებად სრულყოფილი ისტორიის დასაწერად აუცილებელია მისი თითოეული კუთხის დაწვრილებითი შესწავლა. აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი აღნიშნავდა, რომ საქართველოს ისტორიის შესწავლა უნდა დაიწყოს ლოკალური რეგიონებიდან, სადაც სისტემური, დაწვრილებითი კვლევების მეშვეობით უნდა მოხდეს მისი სრულყოფილი შესწავლა, რაც ჯერ შეუსწავლელი ისტორიული პროცესების გაშუქების შესაძლებლობას შექმნის. ასეთი სახის კვლევას წარმოადგენს წარმოდგენილი ნაშრომი.
კოდორი საქართველოს ისტორიული პროვინციის, აფხაზეთის, ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა. კოდორის ხეობის შუა ნაწილში მდებარეობდა ისტორიული მხარე წებელი, ხოლო ზემო ნაწილში – დალი. ამ უკანასკნელს დალის ხეობასაც უწოდებენ. ნაშრომში ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით შესწავლილია კოდორის ხეობის ზემო ნაწილი, ისტორიული დალის თემი, ამ მხარის ისტორიულ-ფიზიკური, ისტორიულ-პოლიტიკური, ისტორიულ-ეკონომიკური-გეოგრაფია. ნაშრომში განხილულია ხეობის ბუნება, რელიეფი, ჰიდროგრაფია, ოროგრაფია, დასახლებული პუნქტების ისტორიული გეოგრაფია, ისტორიულ საფორტიფიკაციო ნაგებობათა გეოგრაფია, საეკლესიო გეოგრაფია, ისტორიული გზები, ისტორიული ტოპონიმია და სხვა საკითხები. ნაშრომში დადგენილია ისტორიული გზები, მდინარეთა ქსელი და დიდი მდინარეების ეტიმოლოგია, ოიკონიმების ეტიმოლოგია, მეურნეობის თავისებურებები, ეთნოპოლიტიკური ცვლილებების მიზეზები და დალის ხეობის ისტორიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
საკვანძო სიტყვები: აფხაზეთი; მდ. კოდორი; კოდორის ზემო წელი; დალი; აჟარა; ლათა.











