ვნების პარასკევის ცისკარი დიდ იადგარებსა და მარხვანთა ადრეულ ნუსხებში
Resumen
ვნების პარასკევის ცისკრის მსახურების ჩამოყალიბების ისტორიულ გზაზე დიდ იადგარებში შესულ ჰიმნოგრაფიულ მასალას მნიშვნელობანი ადგილი უჭირავს. მათში განგების ფორმირების ერთგვარი გარდამავალი ეტაპია ასახული, რომელიც ე. წ. ხიდს ქმნის მსახურების პირვანდელ სახესა და უკანასკნელ, ჩამოყალიბებულ სტრუქტურებს შორის. იერუსალიმური ლექციონარისა (VI-VII) და უძველესი იადგარის (VIII-IX სს.) მიხედვით, ვნების პარასკევის მსახურებას ლოცვითი ლიტანიის სახე აქვს და ღია ცის ქვეშ, ქრისტეს ვნებებთან დაკავშრიებული ერთი წმიდა ადგილიდან მეორეში გადასულ პროცესიას გულისხმობს. ლოცვითი მსვლელობის დროს იგალობება დასდებელთა 7 მიკრო-ციკლი, სახარებისეულ მონაკვეთებთან და ფსალმუნის მუხლებთან ერთად. ვრცელ იადგარებში კი, სახარების კითხვის ტრადიციას, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია განგების საბოლოოდ ჩამოყალიბებულ სტრუქტურაში, ვეღარ ვხვდებით. გარდა ამისა, საგალობელთა 7 მიკრო-ციკლის ნაცვლად სრულდება 9 ოდიანი სრული კანონი, „სამსაგალობლისა“ და „აქებდითის“ დასდებელების ციკლთან ერთად.
წინამდებარე ნაშრომში კვლევა წარმოებულია X-XI სს. დიდ იადგარებსა (Sin. 1, Sin. 14, Sin. 64, Sin. 34, იელისა და წვირმის იადგარები) და მარხვანის ადრეულ რედაქციებზე (Sin. 5, Par. 5). ეს ნუსხები იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ იგი შეიცავს ვნების პარასკევის ჰიმნთა ერთადერთი ქართველი ავტორის, X ს-ის ცნობილი ჰიმნოგრაფის, იოანე მინჩხის საგალობლებს. ამ ფაქტის სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშვნის მიუხედავად, ვნების პარასკევისადმი მიძღვნილი მინჩხური ჰიმნები ფართო კვლევის საგანი აქამდე არ გამხდარა. ამდენად, განხორციელებული კვლევითი სამუშაო აქტუალური და სიახლის შემცველია.
საკვანძო სიტყვები: ვნების პარასკევი; ცისკრის მსახურება; კანონი; ძლისპირი.











