ნიკოლაი დურნოვოს წერილები დეკანოზ იოსებ ჩიჯავაძის სახელზე

  • GVANTSA BURDULI საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 53ა http://orcid.org/0000-0001-8657-3683

Resumen

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ და ტრაგიკულ ეტაპს XIX–XX საუკუნეები წარმოადგენს. აღნიშნული პერიოდი ქართულ ისტორიოგრაფიაში მრავალმხრივაა შესწავლილი, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საქართველოს ეკლესიის ისტორიის ამ პერიოდის შეფასება არაქართველი მკვლევარებისა და მოაზროვნეების მიერ. ამ მხრივ გამორჩეული ფიგურაა ისტორიკოსი და ფილოლოგი ნიკოლაი დურნოვო, რომლის სახელიც უმთავრესად ნაშრომს „ქართული ეკლესიის ბედი" უკავშირდება. სამეცნიერო საზოგადოებაში ნაკლებად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ 1906-1917 წლებში ნიკოლაი დურნოვოსა და დეკანოზ იოსებ ჩიჯავაძეს შორის არსებობდა მიმოწერა, რომელიც იმ დროს საქართველოს ეკლესიაში არსებულ პრობლემებსა და მთელ რიგ საკითხებს მოიცავდა.

წარმოდგენილი კვლევა ეფუძნება საქართველოს ეროვნულ არქივში კირიონ მეორის პირად ფონდში დაცულ საარქივო დოკუმენტებს და მიზნად ისახავს ნიკოლაი დურნოვოსა და იოსებ ჩიჯავაძის მიმოწერის გააზრებას და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. საარქივო მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ დურნოვოს ინტერესი საქართველოს ეკლესიისადმი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხით; იგი თანმიმდევრულად აკვირდებოდა ეკლესიის შიგნით მიმდინარე მოვლენებს და პოლიტიკურ რეალობას, მათ შორის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხსაც.

კვლევის შედეგად იკვეთება ნიკოლაი დურნოვოს, როგორც რუსი მეცნიერის იშვიათი მაგალითი, რომელიც იმპერიული საეკლესიო პოლიტიკის კრიტიკის ფონზე მიუკერძოებლად ცდილობდა დაეცვა საქართველოს ეკლესიის ისტორიული უფლებები და სამღვდელოების ინტერესები. აღნიშნული გარემოება დურნოვოს მემკვიდრეობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ეკლესიისა და საეკლესიო-პოლიტიკური აზრის ისტორიის კვლევისათვის.

საკვანძო სიტყვები: ნიკოლაი დურნოვო, დეკანოზი იოსებ ჩიჯავაძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია.

Publicado
2026-06-10
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია