„ძელი ცხორებისა“ – ქართული მონასტერი შავ მთაზე (ანტიოქია): მონასტერი ვახტანგ ჯობაძის ნაშრომებში და ძეგლის თანამედროვე მდგომარეობა
Resumen
ვახტან ჯობაძე (1917-2007), ქართველი მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი და არქეოლოგი იყო. იგი აშშ-ში კალიფორნიის ლოს ანჯელესის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესორი და არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი იყო. ვახტანგ ჯობაძე წლების განმავლობაში იკვლევდა საქართველოსთან დაკავშირებულ საზღვარგარეთ არსებულ სიძველეებს. მან არაერთი სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო, თურქეთის რესპუბლიკაში, ისტორიული ტაო-კლარჯეთის რეგიონში, ასევე, ანტიოქიაში, კვიპროსზე და სხვაგან. ვახტანგ ჯობაძემ თავისი სამეცნიერო კვლევის დიდი ნაწილი სწორედ ანტიოქიის შესწავლას დაუთმო.
ვახტანგ ჯობაძემ, ხელნაწერების ანდერძ-მინაწერების ცნობების საფუძველზე „ძელი ცხორებისას“ ტაძრის ზუსტი ლოკალიზება მოახერხა. ძეგლზე 1962, 1963 და 1964 წლებში არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა. მოპოვებული მასალის საფუძველზე ვახტანგ ჯობაძეს თავის მონოგრაფიაში დაწვრილებით აქვს აღწერილი „ძელი ცხორებისას“ ტაძარი – მისი არქიტექტურისა და მშენებლობის საკითხები, ხელოვნება, ორნამენტები და სხვა დეტალები. წიგნში მოცემულია რეკონსტრუქციები. ვახტანგ ჯობაძე მიიჩნევდა, რომ „ძელი ცხორების“ ტაძარი აგებულია საქართველოდან საგანგებოდ მიწვეული ოსტატების მიერ. იგი დიდ მსგავსებას ხედავდა „ძელი ცხორებისასა“ და სამთავისის ტაძრების არქიტექტურასა და შემკულობაში. მანვე შეისწავლა „ძელი ცხორების“ ტაძარში მიკვლეული ქართული ეპიგრაფიკის ნიმუშები.
ვახტანგ ჯობაძის ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი მასალის ნაწილი, ბუნებრივია, რომ ადგილზეა დაცული. ზოგიერთი კი მოგვიანო ხანის მშენებლობის დროს, სოფლის ეკლესიის კედლებშია ჩაშენებული. სიძველეების ნაწილი ჰათაის გუბერნიის მუზეუმის ფონდებშია დაცული, რომელიც ქალაქ ანტაქიაში მდებარეობს. მუზეუმი ამ ეტაპზე დახურულია და მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„ძელი ცხორებისას“ ტაძრის ნაშთები დღეისთვის (2025 წლის 11-20 აგვისტო) ისეთივე მდგომარეობაში დაგვხვდა, როგორც ვახტანგ ჯობაძის ექსპედიციის შემდეგ, XX საუკუნის 60-იან წლებში, დატოვეს. მომდევნო წლებში ძეგლზე სამუშაოები აღარ უწარმოებიათ. ამ ხნის განმავლობაში ტაძრისა და მონასტრის მთელი ტერიტორია ხე-მცენარეებს სრულიად დაუფარავს. და თითქმის გაუვალი გამხდარა. ვინაიდან ტაძრის ნაშთები სოფელ იოღუნლუქიდან სოფელ ერიქლისკენ მიმავალი გზის გვერდით მდებარეობს, მასთან მისვლა რთული არ არის.
საკვანძო სიტყვები: საქართველო, ვახტანგ ჯობაძე, ანტიოქია, „ძელი ცხორების“ ეკლესია











