გალის რაიონის ეკონომიკური ისტორიიდან (1921-1990)

  • KAKHA KVASHILAVA ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 0186, საქართველო, თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ., 61 http://orcid.org/0000-0001-7703-5568

Resumen

1921 წ. 16 თებერვალს, როცა ჯერ კიდევ ბოლშევიკებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაპყრობილი არ ჰქონდათ, საქართველოს რევკომმა საქართველო  სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადეს და იქვე განაცხადეს, რომ „აჭარის, აფხაზეთისა და ოსეთის მოძმე ერები თვითონ განსაზღვრავენ საკუთარ ბედს“. სწორედ ამის საფუძველზე 26 მარტს აფხაზეთის რევკომმა რსფსრ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარესა და ეროვნებათა სახკომ ი. სტალინს მიმართა წერილით, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელ  სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკად უნდა გამოცხადდეს და ის რსფსრ-ს შეუერთდეს. 28 მარტს ქ. ბათუმში რკპ(ბ) ცკ-ს კავბიუროსა და საქართველოს კპ(ბ) ცკ-ს, აჭარისა და აფხაზეთის ბოლშევიკთა თათბირი გაიმართა, რომელმაც განიხილა საკითხი „აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების სტრუქტურისა და კომპარტიის შესახებ“ და გადაწყვიტა, რომ „აფხაზეთის საბჭოების ყრილობამდე საბჭოთა აფხაზეთის რსფსრ-სთან თუ საქართველოს სსრ-თან ფედერაციის საკითხი რჩება ღიად და აფხაზეთი ცხადდება სოციალისტურ რესპუბლიკად. პარტიული ორგანიზაცია კონფერენციამდე ატარებს სახელს – რკპ(ბ)-ს ორგბიურო აფხაზეთში და მუშაობს რკპ(ბ) ცკ-ის კავბიუროს დირექტივების შესაბამისად. საქართველოს რევკომის დეკრეტები უნდა წარმოადგენდნენ მასალას (აფხაზეთის) რევკომისათვის, რათა ორივე რევკომის მოქმედებაში წინააღმდეგობა არ იყოს“. იმდროინდელი საბჭოთა სახელმწიფოებრივი მშენებლობის პრაქტიკა არ ითვალისწინებდა რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებას, თუ ტერიტორიული ერთეულის მოსახლეობა მილიონზე მეტი არ იქნებოდა. აფხაზეთის მოსახლეობა მაშინ დაახლოებით 200 ათასი იყო, აფხაზები კი მოსახლეობის მხოლოდ 17%-ს შეადგენდნენ, მაგრამ კავბიუროს ბათუმის თათბირის გადაწყვეტილებით აფხაზი ბოლშევიკების მოთხოვნა დაკმაყოფილდა“. ამ იდეას მხარს უჭერდა 1920-1921 წწ. საქართველოში რსფსრ-ს სახმედრო წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი პაველ სიტინი (1870-1938). უფრო მეტიც, ის ანალოგიურად საკითხის გადაჭრას სამეგრელოს მიმართაც მოითხოვდა. რსფსრ კი, გენერლის აზრით, ამგვარად დაშლილი საქართველოს კონტროლს ადვილად შეძლებდა.

აქედან გამომდინარე, 31 მარტს საბჭოთა ჯარების მიერ ოკუპირებული ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში ტფილისისგან ფორმალურად „დამოუკიდებელი“ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი – აფხაზეთის  სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის (აფხ. სსრ) შექმნა გამოცხადდა. 21 მაისს კი საქართველოს რევკომმა ეს ფაქტი ცნო.

აფხაზეთის სსრ სინამდვილეში ფიქტიურ „სახელმწიფოებრიობას“ წარმოადგენდა, რომელსაც საკუთრივ იმ იმდროინდელი ოფიციალური სოხუმის ისტებლიშმენტიც (ნ. ლაკობა, ე. ეშბა) კი სერიოზულად არ აღიქვამდა  და მას დროებით მოვლენად განიხილავდა.[1] უფრო მეტიც: მიუხედავად იმისა, რომ აფხაზი ისტორიკოსები (ო. ბღაჟბა, ს. ლაკობა) აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ ვ. ლენინის დამსახურებად მიიჩნევენ, ბოლშევიკთა ლიდერს, როგორც ჩანს, ამ საკითხზე აფხაზ ისტორიკოსთაგან რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდა. 1921 წ. 23 ივლისს აფხაზეთის პასუხისმგებელ მუშაკთა თათბირზე საკუთრივ ნ. ლაკობა საუბრობდა აფხაზეთის რუსეთთან მიერთების შეუძლებლობაზე და საქართველოსთან მჭიდრო კავშირის აუცილებლობაზე ეთნოგრაფიული და ისტორიული პირობების გათვალისწინებით. საინტერესოა, რომ 1921 წ. 24 ნოემბერს რკპ(ბ)-ს აფხაზეთის ორგბიურო საქართველოს კპ(ბ)-ს გადაულოცა, რაც იურიდიულად 1922 წ. იანვარში გაფორმდა.

ყველამ კარგად იცოდა, რომ აფხაზეთის „სსრ“ დამოუკიდებლად ვერ იარსებებდა. მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალი არ იყო ამ ამოცანის წარმატებებით გადასაჭრელად საკმარისი. ამიტომ გასაგებია, რომ აფხაზეთის სსრ პარტიული და სახელმწიფო სტრუქტურების მმართველი პირების დამტკიცება ტფილისში ხდებოდა. აქედანვე იმართებოდა ეკონომიკური საკითხებიც. ამ აბსურდის გამოსასწორებლად, ისე, რომ რაღაც ეტაპზე დარჩენილიყო აფხაზეთი როგორც „დამოუკიდებელი“ საბჭოთა რესპუბლიკა, მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება: ტფილისმა და სოხუმმა 1921 წ. 16 დეკემბერს ხელი მოაწერეს სამოკავშირეო ხელშეკრულებას.[2] ამ გზით შევიდა აფხაზეთი მალე შექმნილ ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფედერალურ კავშირში.[3]

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში ბოლშევიკებმა საკუთარი ადმინისტრაციული რეფორმა („საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების“ დაარსება) გაატარეს, კრემლში მაინცდამაინც სერიოზულად არ აღიქვამდნენ აფხაზეთის „დამოუკიდებელ“ სტატუსს. ამის მაგალითია საბჭოთა სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის, 1922-1923 წწ. რკპ(ბ) ჩელიაბინსკის საგუბერნიო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივნის მოისეი იონოვიჩ ლისოვსკის (1887-1938) სიტყვა სრულიად რუსეთის საბჭოების X ყრილობაზე (23-27.12.1922), სადაც ის ასახელებს სამხრეთკავკასიურ 3 საბჭოთა რესპუბლიკას და შემდეგ აფხაზეთს მოიხსენიებს, როგორც „რესპუბლიკის მსგავსს“. საინტერესოა, რომ ეს „საბჭოთა რესპუბლიკა“ სსრკ-ს პირველ კონსტიტუციაში სავსებით სამართლიანად „ავტონომიურ რესპუბლიკად“ მოიხსენიებოდა.

 

საკვანძო სიტყვები: საბჭოთა საქართველო; საბჭოთა აფხაზეთი; გალის რაიონი; ეკონომიკა; ეკონომიკური ისტორია.

 

 

[1] საკუთრივ ნ. ლაკობა ამ „დამოუკიდებლობას“ აბრად მოიხსენიებდა, რომელიც მათ დროებით სჭირდებოდათ (Лакоба Н., 1987: 176).

[2] 1922 წ. 30 იანვარს ხელი მოეწერა სამხედრო შეთანხმებასაც ხელშეკრულებას (ტექსტი იხ.: Документы по истории Абхазии.., 2021: 229).

[3] 1922 წ. 13 დეკემბრიდან ვიდრე გაუქმებამდე (5.12.1936) ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკად (ასფსრ) იწოდებოდა.

Publicado
2026-06-10
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია