აფხაზეთი ქართულ ჰაგიოგრაფიაში
Resumen
ქართულმა ჰაგიოგრაფიამ ასახა საქართველოს სხვადასხვა კუთხის, სამეფოს, სამთავროს პოლიტიკურ-სოციალური, იდეოლოგიური და კულტურულ-ისტორიული ვითარება, რომელსაც გარკვეული გეოგრაფიული სივრცის ფიზიკური მდგომარეობისა და სიმბოლური გააზრების კონტექსტიც აქვს. ამ თხზულებათა სამოქმედო არეალია ქართლი, კახეთი, სამხრეთ საქართველო, დასავლეთ საქართველო; თითოეული მათგანი სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში სხვადასხვა სახელით მოიხსენიება. აფხაზეთის ასახვა ქართულ ჰაგიოგრაფიაში ის პრობლემაა, რომელიც მოიცავს აფხაზეთის, როგორც VIII-X საუკუნეების დასავლეთ საქართველოს, პოლიტიკურ-იდეოლოგიური და კულტურული ფონის საფუძველზე აქ მიმდინარე მოქმედებებისა და მოვლენების ჩვენებას, შესაბამისად, იმ წმინდანთა სახეების წარმოჩენას, რომლებიც ან აფხაზეთის//დასავლეთ საქართველოს მკვიდრნი არიან, ან მას უკავშირდებიან. IV-X საუკუნეების ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებებიდან საგანგებოდ გამოვყოფ შემდეგს: იოვანე საბანის ძის „წმ. აბო ტფილელის წამებას“, გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებას“, რომლებშიც მთავარი პერსონაჟების სამოღვაწეო არეალი აფხაზეთსაც სწვდება. აქვეა განსახილველი „დავითისა და კონსტანტინეს წამების“ XII საუკუნეში შექმნილი მეტაფრასული და სვინაქსარული რედაქციები, რომლებშიც მოქმედების გეოგრაფიული არეალი აფხაზეთია და დროის თვალსაზრისით იგი VIII საუკუნის ამბებს ასახავს. ე.ი. სამივე ჰაგიოგრაფიული თხზულება ერთი ეპოქის პოლიტიკურ-იდეოლოგიურ, სასულიერო-საეკლესიო, სოციალურ, კულტურულ ვითარებას წარმოაჩენს. ამიტომ ყურადღება გავამახვილეთ VIII საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველოში, რომელსაც ამ პერიოდში აფხაზეთს უწოდებენ, მიმდინარე პოლიტიკურ-სოციალურ, საეკლესიო-რელიგიურ და კულტურულ ვითარებაზე, რადგან ამ თხზულებებში მეტნაკლებად აისახება აფხაზეთის სამეფოს მდგომარეობა. VIII საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზეთში მეფობდა ლეონ მეორე, თავისი წინამორბედის, ლეონ პირველის მსგავსად, სახელმწიფოებრივი და რელიგიური ცნობიერებით გამორჩეული პიროვნება, რომელმაც გააერთიანა დასავლეთ საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ყველა პოლიტიკური ერთეული და, როგორც აფხაზეთის სამთავროს მთავრის მემკვიდრემ, შექმნა ერთიანი სახელმწიფო - აფხაზეთის სამეფო. მართალია, ლეონ მეორის მეფობის დროს აფხაზეთი ჯერ კიდევ ბიზანტიის პოლიტიკურ გავლენას განიცდის, მაგრამ იგი რელიგიურ-ეკლესიურად არ იზიარებს ბიზანტიაში მიმდინარე რელიგიურ ბრძოლებს, ბიზანტიის იმპერიაში გავრცელებულ ხატმებრძოლობის ერესს და რჩება ხატთაყვანისმცემელ ეპარქიად. მწვალებლობაში ჩავარდნილი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსაგან გამოყოფილმა აფხაზეთის ეკლესიამ ორიენტაცია ანტიოქიის საპატრიარქოზე აიღო, მაგრამ IX საუკუნის პირველ ნახევარში დამოუკიდებლობა მოიპოვა და მცხეთის საკათალიკოსო ტახტს დაუკავშირდა, რამაც მას საბოლოოდ საქართველოს მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის წიაღში დაუმკვიდრა ადგილი, როგორც ეს იყო I საუკუნიდან, სახელდობრ საქართველოს ეკლესიის შექმნის დროიდან მოყოლებული. მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის გათვალისწინება, რადგან იგი საუკუნეების განმავლობაში განსხვავებული იყო, მცხეთის საკათალიკოსოს იურისდიქცია ვრცელდებოდა მთელ საქართველოზე, აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ საქართველოზე, საქართველოს ჩრდილოეთით მდებარე ეპარქიებზე. მიუხედავად ამისა, იყო ისტორიული დრო, როდესაც დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, შავი ზღვის სანაპიროზე (მაგ., ბიჭვინთის საეპისკოპოსო) ბერძნული საეპისკოპოსოები არსებობდა, რასაც თავისი საფუძველი ჰქონდა და ახსნა სჭირდება. სამეცნიერო ლიტერატურაში ეს ფაქტი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სამხედრო ცენტრების არსებობითაა განმარტებული.
ზემოთ დასახელებული სამი თხზულების წმინდან პერსონაჟთა სამოღვაწეო არეალი აფხაზეთია, რომელიც პოლიტიკურ-კულტურულ სივრცეს წარმოადგენს, როგორც „ყოველი ქართლის“ განუყოფელი ნაწილი, რომელთანაც საერთო აქვს სახელმწიფო ენა და სარწმუნოება მამულთან, ტერიტორიასთან ერთად. გიორგი მერჩულის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში გამოთქმული თვალსაზრისი - „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების, ხოლო კჳრიელეჲსონი ბერძულად ითქუმის, რომელ არს ქართულად „უფალო, წყალობა ყავ“, გინათუ „უფალო, შეგჳწყალენ“ (ძეგლები, 1963/1964: 290) - სწვდება და გულისხმობს აფხაზეთსაც, როგორც „ყოველი ქართლის“ სრულუფლებიან ნაწილს და წევრს. „ლოცვაჲ ყოველი“ სრული ლიტურგიული პროცესია და იგი ქართულ ენაზე სრულდება „ყოველი ქართლის“ ტერიტორიაზე, ხოლო „კჳრიელეჲსონი“ ბერძნულად თქმა, ქართულად „უფალო, წყალობა ყავ“, ან „უფალო, შეგჳწყალენ“ ქართულ ეკლესიას აერთიანებს მთელ მართლამადიდებლურ სამყაროსთან, რითაც მყარდება ეკლესიათა ერთობა, უნია.
ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ჟანრული სპეციფიკიდან გამომდინარე, დასახელებულ თხზულებებში აფხაზეთის თემა წამყვანი არაა და ვერც იქნებოდა, რადგან ჰაგიოგრაფიის მიზანი წმინდანის ხატ-სახის ჩვენებაა. პოლიტიკურ-იდეოლოგიური, სოციალური, კულტურული ფონი ჰაგიოგრაფს სჭირდება წმინდანის სახის უკეთ წარმოსასახავად, მაგრამ რეალურად გვიჩვენებს იმ ვითარებასაც, რომელშიც უწევთ მათ ცხოვრება, მოღვაწეობა, მოწამებრივი აღსასრული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჰაგიოგრაფიაში გადმოცემული ისტორიული ფაქტები და ისტორიული გეოგრაფიული არეალი, რადგან ამ მოვლენებისა და სივრცის ასახვით ჰაგიოგრაფია საუკეთესო ისტორიულ წყაროდ გვევლინება, მით უმეტეს, რომ იოვანე საბანის ძისა და გიორგი მერჩულის თანამედროვე საქართველოს ვითარების ამსახველი საისტორიო თხზულებები, თანამედროვეთა მიერ აღწერილი, არ შემოგვრჩა, მათ შესახებ გვიანდელი ისტორიკოსები მოგვითხრობენ.





