გივი მარგველაშვილის ,,კაპიტანი ვაკუში” (გოგლიმოგლის სემანტიკა და ონტოლოგიური სივრცის ანალიზი)
Resumen
გივი მარგველაშვილი ორი დიქტატურის, ნაციზმისა და კომუნიზმის, მსხვერპლია, იგი ორმაგი ემიგრანტია, მისი მრავალმხრივი შემოქმედება ორი კულტურის, ორი განსხვავებული მსოფლმხედველობის მიჯნაზეა შექმნილი. მან წერა 30 წლის ასაკიდან დაიწყო, როცა საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის უკან მოტოვების შემდეგ თავი სრულიად უცხო გარემოში, ისტორიულ სამშობლოში ამოყო და მამიდის ოჯახს მიკედლებულს ძველ ყოფასთან მხოლოდ გერმანული ენაღა აკავშირებდა. ,,წარსულიდან მას მხოლოდ ენაღა შერჩა, ენა იყო წართმეული ცხოვრების ცოცხალი ნაწილი, რისი წართმევაც არავის შეეძლო დროის გარდა. დროს კი მისმა მეხსიერებამ და ტალანტმა არნახული წინააღმდეგობა გაუწია“(მარგველაშვილი, 2018:216). ერთი მხრივ, გერმანულენოვან ლიტერატურაზე მუშაობა, ხოლო, მეორე მხრივ, ის მწერლური შეურიგებლობა, რასაც მარგველაშვილი არსებული რეჟიმის წინააღმდეგ იჩენდა, სულ უფრო მეტად ქმნიდა იმის თქმის საფუძველს, რომ ,,ენა და თემა ირჩევენ მწერალს“ (ხაზგასმა ნაირა გელაშვილი) და არა პირიქით.
,,კაპიტანი ვაკუში” გივი მარგველაშვილის შემოქმედების ადრეულ პერიოდში შემქნილი ტექსტია, იგი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და ისტორიული რომანის ჟანრს წარმოადგენს. ჩვენი ყურადღების ობიექტი ამჯერად ამ ნაწარმოების პირველი ტომია. მწერალი გვიყვება იმ პერიოდზე, თუ როგორ იჭრება დასავლური კულტურა რიგი თავისებურებებით ნაცისტურ ყოფაში და როგორია ემიგრანტის თვალით დანახული იმჟამინდელი რეალობა. ცხადია, მარგველაშვილისეული თამაშის სტილი ამ ტექსტშიც დაცულია და ავტორი ხშირად გროტესკულად, ერთგვარი ცინიზმითა და ალეგორიით, მეტაფორული შარჟებით გადმოგვცემს სათქმელს. რომანის ექსკურსს მოზარდი გივი მარგველაშვილი უძღვება, ისტორიზმის პრინციპი დაცულია, ფაქტებს რეალური სარჩული მოეძებნება, რეალურად მომხდარი ირონიულად გადმოიცემა და ტოტალიტარული რეჟიმების სახე მეტაფორული ქვეტექსტებით ამოიცნობა.





