კონტექსტის ცნება ფოლკლორისტიკაში
Resumen
კონტექსტის გაგება ანტიკურობიდან მოყოლებული არსებობს, ხოლო მისი შინაარსი ისტორიული ეპოქების კვალდაკვალ იცვლება. ტერმინის აქტუალიზაცია უკავშირდება ცნობილ ანთროპოლოგ ბ. მალინოვსკის, რომელმაც გახმაურებულ ნაშრომში, „მნიშვნელობის პრობლემა პრიმიტულ ენებში“, გამოყო კონტექსტის ორ ტიპი: სიტუაციური კონტექსტი და კულტურული კონტექსი. ფოლკლორისტთა შორის, ვინც პირველად ყურადღება მიაქცია მალინოვსკის იდეას, ამერიკელი მეცნიერი უილიამ ბესკომია, თუმცა მოგვიანებით კონტექსტუალური სკოლის ლიდერად მოგვევლინა დ. ბენ-ამოსი. მისი ნაშრომი „ფოლკლორის განსაზღვრა კონტექსტში“ კონცეპტუალისტების ერთგვარ მანიფესტად იქცა და სათავე დაუდო ამერიკულ ფოლკლორისტიკაში ნამდვილ „კონტექსტუალურ რევოლუციას“ (სტივენ ჯონსი). ბენ-ამოსის აზრით, თავის კულტურულ კონტექსტში ფოლკლორი არის არა საგანთა ერთობლიობა, არამედ კომუნიკაციური პროცესი, არა, მაგალითად, არქივებში შენახული ან სხვადასხვა კრებულში გამოქვეყნებული ზღაპრის ან სიმღერის ტექსტები, არამედ ზღაპრის თხრობა და სიმღერის შესრულება. შესაბამისად, აქამდე ტექსტთან მიმართებაში მეორეულ მოვლენად მიჩნეული „სოციალურ კონტექსტი“ ან „სიტუაციური კონტექსტი“ ბენ-ამოსისა და მისი მიმდევრების მიერ ფოლკლორისტიკის შესწავლის მთავარ საგნად გამოცხადდა. ცხადია, ამგვარი მიდგომა უსარგებლოდ მიიჩნევდა არა მარტო შემგროვებელთა მრავალი თაობის მიერ გაწეულ შრომას, არამედ თვით ფოლკლორის შესახებ მეცნიერებას, რომელიც ჩაწერილ ტექსტებს ეყრდნობოდა. მეორე მხრივ, კონტექსტუალისტების იდეებმა, მიუხედავად ერთგვარი რადიკალურობისა, დიდი როლი ითამაშეს ტრადიციულ ფოლკლორისტიკაში გაბატონებული „ლიტერატურაცენტრიზმის“ დაძლევაში, გაავლეს რა მკვეთრი ზღვარი ლიტერატურულ და ფოლკლორულ ტექსტებს შორის.
ამერიკული კონტექსტუალისტების მსგავსად რადიკალიზით არ გამოირჩევიან, მაგრამ კონტექსტური კვლევის დიდ მნიშვნელობას აღიარებენ ფოლკლორის კვლევის სხვა მეთოდისა თუ სკოლის, „ექსპერიმენტული ფოლკლორისტიკის“, ფოლკლორის, როგორც პერფორმანსის კვლევისა და სტრუქტურულ-სემიოლოგიური მეთოდის მიმდევრები.
ქართულ ფოლკლორისტიკაში შემკრებლობითი და კვლევითი პრაქტიკა წინ უსწრებს კონტექსტის ცნების თეორიულ რეფლექსიებს. მეტიც, აქ აღნიშნული ცნება იშვიათად გამოიყენება, ხოლო მის ნაცვლად გვხვდება ტერმინები: „ეთნოგრაფიული კავშირები“ და „საშემსრულებლო გარემო“.





