ინგლისური ზმნიზედის სტრუქტურულ-ფუნქციური თავისებურებათა ანალიზი
Resumen
თანამედროვე ინგლისური ენის გრამატიკულ სისტემაში ზმნიზედა განეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე უფრო კომპლექსურ და მნიშვნელოვან სიტყვათა კლასს გამომდინარე მისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებიდან და გამოყენების სიხშირიდან როგორც კომუნიკაციის პროცესში, ისე ლიტერატურულ ნაწარმოებში. ზმნიზედა წინადადებაში მიუთითებს იმაზე, რომ რაღაცა როგორ, როდის და სად მიმდინარეობს. ის ზმნების, ზედსართავი სახელებისა და თავად ზმნიზედების მსაზღვრელად გვევლინება. აგებულების მიხედვით ზმნიზედა არის ძირეული, წარმოებული და რთული. ძირეული ზმნიზედები ინგლისურში ხასიათდებიან იმით, რომ მათ დაბოლოებები არ გააჩნიათ. ძველ ინგლისურში ისინი მხოლოდ ზმნებს განსაზღვრავდნენ. ძველი თუ ახალი წარმომავლობის ზმნიზედების უმრავლესობა, ზედსართავი სახელების ანალოგიურად წარმოქმნილი არიან მეტყველების სხვადასხვა ნაწილებისაგან. ზმნიზედების უმრავლესობა კლასიფიცირდება როგორც დროის, ადგილის, ვითარების, ზომისა და ოდენობის, მოდალური, კავშირებითი, მიმართებითი და კითხვითი. ზმნიზედებს, ისევე როგორც ზედსართავ სახელებს შედარების ხარისხი გააჩნიათ. წინადადებაში ისინი უმეტესწილად გარემოების სინტაქსურ ფუნქციას ასრულებენ.





