მიღმა სამყაროსთან კომუნიკაციის ასახვა ქართულ ფოლკლორში (მესულეთე ქალები)
Resumen
ქართული მითოლოგიური გადმოცემები, ამქვეყნიური, ჩვეულებრივი ცხოვრების გარდა, სამ პარალელურ სამყაროს წარმოგვიდგენს: ზეციურ სამეფოს, დემონურ ძალთა შესაკრებელს და საიქიოს. მართალია, სამივე მათგანი ბუნების მიღმა, მეტაფიზიკურ სამყაროში მოიაზრებოდა, მაგრამ ტრადიციული ადამიანისთვის ის სულაც არ იყო უცხო, მიუწვდომელი და „არარეალური“. ხევსურული ტრადიციის მიხედვით, ზებუნებრივ არსებებთან ურთიერთობას ქადაგი და ხუცესი ამყარებდა, მიცვალებულებთან - მესულეთე.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის და, კერძოდ, ხევსურეთის ტრადიციული საზოგადოებები წარმოუდგენელი იყო ამ საიდუმლო პროფესიის ადამიანების გარეშე, რადგან არქაული სოციუმის თითოეულ წევრს ეჭვშეუტანლად სწამდა როგორც მიცვალებულთა, ისე ზეციური სამეფოს არსებობა. შეიძლება ითქვას, რომ ხუცეს-ხევისბრები, ქადაგები და მესულეთეები იყვნენ ტრადიციულ ცოდნაში გაწაფული და განსაკუთრებული უნარებით დაჯილდოებული ადამიანები, რომლებიც პოეტური შთაგონებისა და რიტუალის საშუალებით შეიცნობდნენ როგორც მიღმა სამყაროს, ისე სხვა, „უცხო ძალების“ კვალს. მიღმა სამყაროს შესახებ მითოლოგიური წარმოდგენები სწორედ ხუცეს-ხევისბერთა და ქადაგ-მესულეთეთა ხილვებმა შემოგვინახეს.
მესულეთეობის საიდუმლო პროფესიას ქალები ფლობდნენ. მესულეთე ქალის მიერ ნასულეთარის წარმოთქმის პროცესს „სულში წასვლას“ უწოდებდნენ. მესულეთეს ნასულეთარი რომ წარმოეთქვა, მას უნდა დაუფლებოდა პოეტური შთაგონება, სულების წარმოსახვით სამყაროში უნდა გადასულიყო და დამსწრე საზოგადოებისთვის კონკრეტულ მიცვალებულთა სურვილი გამოეცხადებინა. ნასულეთარის წარმოთქმის პროცესი იმპროვიზირებული იყო და შემოქმედებით ხასიათს ატარებდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მესულეთეს წინასწარ მაინც ჰქონდა ტრადიციით დამკვიდრებული ტექსტის ზეპირი მზა ფორმა, ერთგვარი ყალიბი, რომელსაც ის ვერ შეცვლიდა, რადგან ნასულეთარი, ნაქადაგარი და ხმით ნატირალი - ყველა ეს ტექსტი, ხევსურული ზეპირსიტყვიერი ტრადიციის მიხედვით, ძირითადად, ცხრამარცვლიანი სალექსო ტაეპებით უნდა ყოფილიყო გაწყობილი. მესულეთეები საზოგადოებას მიცვალებულის სახელით გარდაცვლილის ნება-სურვილსა და საიქიოს ამბებს გადმოსცემდნენ. ხალხს სწამდა, რომ მესულეთეს მიცვალებულის სული ალაპარაკებდა.
მესულთანე ქალები იყვნენ მაღალი პოეტური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები. ამავე დროს ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ტრადიციული საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ თემი ვერ მოახერხებდა მოსისხლე მტრების შერიგებასა და გვარებს შორის დაპირისპირების შეწყვეტას, ასეთ სიტუაციაში მესულეთე ქალები თავიანთი სიტყვითა და ნასულეთარით გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ. ისინი გარდაცვლილის სახელით მტრებს შერიგებისკენ მოუწოდებდნენ.
ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ცხოვრების არქაული სტილი, მითოლოგიური გადმოცემები და მათი მსგავსება აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საზოგადოებების ტრადიციულ ყოფასთან, მაფიქრებინებს, რომ მესულეთე ქალები ჩეჩნეთ-ინგუშეთისა და, ზოგადად, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა თემებშიც უნდა ყოფილიყვნენ, რადგან, ხალხური ტრადიციის მიხედვით, ამას მოითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ყაიდა და ადგილობრივი საზოგადოების დაკვეთა.
საკვანძო სიტყვები: ქართული ფოლკლორი, კომუნიკაცია, მითოსი, ხევსურული ტრადიცია, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი.





