ნებროთი და „ნებროთის წიგნი“ ძველ ქართველ ავტორებთან
Resumen
ბიბლიურ გმირთა შორის ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟია ნებროთი. როგორც ენციკლოპედიურ ცნობარებშია მითითებული ,,ნებროთი, ნიმროდი, ნიმრუდი, ნიმვროდი — ბიბლიური გმირი, ქამის ძის ხუსის (ქუშის) მითური შვილი, სწორუპოვარი მონადირე და ომის გამომგონებელი.
დაბადებაში, იმ ადგილას, სადაც ჩამოთვლილია წარღვნის შემდეგ ნოეს შვილთა შთამომავლობა, ნათქვამია, რომ ქამის შვილმა ხუსმა „შვა ნებროთ: ამან იწყო გმირყოფად ქუეყანასა ზედა; ესე იყო გმირი მონადირე წინაშე უფლისა ღვთისა, ამისთჳს თქუეს, რამეთუ ნებროთ გმირი მონადირე წინაშე უფლისა. და იქმნა დასაბამ მეფობისა მისისა: ბაბილოვანი, ორექი, არქადი და ხალანი, ქუეყანა ზენაარისა. ქუეყანისა მისგან გამოვიდა ასურ და აღაშენა ნინევი და ქალაქი რომოთი და ხალანი და დასენი საშუალ ნინევისა და საშუალ ხალანისა; ესე არს ქალაქი დიდი.“ (შესაქმეთა, თავი X, მუხლი 8 –12)
„ქართლის ცხოვრებაში“ შენიშნულია, რომ ჰაოსი და თარგამოსის დანარჩენი შვიდი შვილი ,,და ესე რვანივე ერთობით ჰმონებდეს ნებროთს გმირსა, რომელი იყო პირველი მეფე ყოვლისა ქვეყანისა“ (ქართლის ცხოვრება, 1955: 6).
ნაშრომში განხილულია საკითხი: იცნობს თუ არა ძველი ქართული მწერლობა ამ ბიბლიურ გმირს.
საკვანძო სიტყვები: ნებროთი, ქართველი მწერლები, ძველი, ბიბლია, წიგნი.





