მორფოლოგიური ურთიერთმიმართებანი სხვადასხვა სისტემის ენებში (ესპანური და ქართული ენების მასალაზე)
Resumen
ესპანური (კასტილიური) და ქართული ენები ორ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ენებს წარმოადგენენ. ესპანური (კასტილიური) ენა ხალხური ლათინურად მომდინარეობს და ინდოევროპული ენების ოჯახის რომანული ენების შტოს წარმოადგენს. ქართული ენა კი იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველური ენების შტოს მიეკუთვნება და არ აქვს საერთო ინდოევროპულ ენებთან.
ესპანური და ქართული ენების განსხვავებული ეტიმოლოგია მათ განსხვავებულ მორფოლოგიურ და სინტაქსურ სტრუქტურებს განაპირობებს. გრამატიკული განსხვავებანი არაერთი მიმართულებით ვლინდება, მაგალითად: მეტყველების ნაწილების განსხვავებული რაოდენობა და კლასიფიკაცია, მეტყველების ნაწილების სხვადასხვა გრამატიკული კატეგორიები, განსხვავებანი სტრუქტურულ დონეზე და ა.შ. სამეცნიერო მასალის მოცულობიდან გამომდინარე, წინამდებარე სტატიაში საუბარია მხოლოდ არსებით სახელსა და ზმნის რამდენიმე მახასიათებელზე.
ესპანური და ქართული ენების არსებითი სახელის შედარებისას განვიხილეთ არსებითი სახელისათვის დამახასიათებელი გრამატიკული კატეგორები - სქესი, რიცხვი, ბრუნება - და წარმოვადგინეთ ქართულ და ესპანურ არსებით სახელებს შორის არსებული ძირითადი მსგავსება-განსხვავებანი. ამასთან, ვნახეთ, როგორ გადაიჭრა ესპანურ ენაში ლათინური ბრუნვის ნიშნების დაკარგვით გამოწვეული სინტაქსური გაუგებრობა და წარმოვადგინეთ იმ წინდებულების ჩამონათვალი, რომელსაც ვიყენებთ სხვადასხვა ბრუნვაში ჩასმული არსებითი სახელის ესპანურად გადათარგმნისას. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ზმნაზე. განვიხილეთ ქართული ზმნის მთავარი სირთულე - მრავალპირიანობა და ზმნურ კატეგორიათა სიმრავლე - და მოვიძიეთ ის ფორმა-საშუალებები, რომელსაც ესპანური ენა იყენებს ესპანური ზმნისათვის უცხო, მაგრამ ქართული ზმნისათვის დამახასიათებელი რამდენიმე ზმნური კატეგორიის (მაგალითად, გზისობა, აქტი, ქცევა, კონტაქტი და სხვ.) გრამატიკული ინფორმაციის გადმოსაცემად. არაერთი განსხვავება დაფიქსირდა ზმნების უღლების კატეგორიებად გადანაწილების პრინციპებს და ზმნის სტრუქტურებს შორის.
საკვანძო სიტყვები: ესპანური (კასტილიური) ენა, ქართული ენა, მორფოლოგია, არსებითი სახელი, ზმნა, შედარება-შეპირისპირება.





