სიმბოლოს დეკნოსტრუქცია - გივი მარგველაშვილის ,,იხსენით არწივი!“

  • Guranda Gobiani ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. #13, 4600, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-4782-2808
Palabras clave: პოსტმოდერნისტული დისკურსი; დეკონსტრუქცია; წინარეტექსტი; ფენოტექსტი; სიმბოლოთა ცხოველები; ღია ტექსტი.

Resumen

პოსტმოდერნისტული ე.წ. ,,მხატვრული თამაშების“ ესთეტიკური ფუნქცია და მიზანი უკვე არსებულ, დაწერილ ტექსტებთან ურთიერთობის გამონახვის ფორმების ძიებაა. დეკონსტრუქცია არის ერთგვარი მიდგომა ტექსტისა და მნიშვნელობის ურთიერთმიმართების გასაგებად, რომელიც უპირისპირედება რაციონალიზმს. მისთვის დამახასაითებელია ერთგვარი ,,მასტიმულირებელი ამოუცნობლობა“ და ,,კონტროლირებადი ქაოსი“. ეს კონცეფცია გვთავაზობს ისეთ პრინციპებს, რომლებიც ანგრევენ ტრადიციებს, სტერეოტიპებს, იმავდროულად, აშიშვლებენ, ააშკარავებენ მათ ფუძეს, წინარეტექსტს, რომლის აღდგენა და შეთავაზება ფენოტექსტში ხდება უკვე წარმოსახვის, წინარეტექსტის კომენტირების, შეფასების და ინტერპრეტაცის საფუძველზე, სოციოკულტურული გარემოს გათვალისწინებით.

დეკონსტრუქტივიზმი, როგორც პოსტმოდერნისტული მიმდინარეობა, შთაგონებულია ესთეთიკისა და ფუნდამენტალური პრინციპების მიტოვების იდეით. ის საშუალებას აძლევს ავტორს ხელახლა შექმნას წარსულის, ფესვგადგმული ტრადიციების მქონე მზა ,,პროდუქტის”  სრულიად განსხვავებული ვერსია და აღდგენილ-განახლებული ტექსტი შესთავაზოს პოტენციურ აუდიტორიას, მკითხველს. სამყარო ჩვენს გარშემო არის ტექსტი, რომელიც საჭიროებს არა წესრიგს, არამედ ახალ ინტერპრეტაციას, ხელახლა გადახედვა-გადაწერას. ასეთია დეკონსტრუქტივიზმის ფილოსოფიური იდეოლოგია.

დეკონსტრუქცია თავისუფალი, გაბედული, მეამბოხე ადამიანის პრივილეგიაა, რომელიც მზად არის გადააგდოს, დაამსხვრიოს დამთრგუნველი სტერეტოპები და ჩარჩოები, დაანაწევროს ,,დაწერილი ტექსტები” და თითოეულ დეტალს ახალი მნიშვნელობა, ახალი სიცოცხლე შესძინოს. სწორედ ასეთ მწერალ-ინტერპრეტატორად გვევლინება გერმანულენოვანი ქართველი მწერალი, ევროპული პოსტმოდერნიზმის ღირსეული წარმომადგენელი, გივი მარგველაშვილი, რომლის ცხოვრება და შემოქმედება მთლიანად  აგებულია წინააღმდეგობებსა და კატაკლიზმებზე. მის შემოქმედებაში, ისევე როგორც, ზოგადად, პოსტმოდერნისტულ მიმდინარეობაში, წამყვანი როლი დიალოგის პრინციპს ეკუთვნის. პოსტმოდერნისტული დისკურსში უმთავრესი სწორედ რეციპიენტია. ავტორს მუდმივი, აქტიური დიალოგ აქვს მკითხველთან. მოქმედება ყოველთვის არა დინამიურად, არამედ ქაოტურად, დაუგეგმავად, კადრირების პრინციპით მიმდინარეობს. ამჯერად მის ონტოსამყაროს უბანში შველას  სიბოლოთა ცხოველები ითხოვენ, რომლებიც იმ დანაშაულებათა ,,წყალობით“ ეწამებიან, რომლებსაც ,,გასიმბოლოებული” ადამიანები ჩადიან თავიანთი დაუფიქრებლობით და უპასუხისმგებლობით. მარგველაშვილი თავდაყირა აყენებს სიმბოლოს მნიშვენლობას და ცხოველთა წამების ყველაზე საშინელ ფორმად მიიჩნევს მას. ავტორი არაფერს/ვერაფერს ცვლის ცხოველთა კლასიკურ სიმბოლურ სამყაროში/ტექსტში, თუმცა უარყოფს იმ ძირეულ, ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სიმბოლიზმს, როგორც ფორმალისტურ მიმდინარეობას და ცდილობს გაათავისუფლოს, გამოაცალოს ტექსტს/სიმბოლოს ტრადიციული სახე და იხსნას ,,მიჯაჭვულობისაგან”.

დახმარების სამიზნე ,,სიმბოლო-ცხოველთა საზოგადოების აქტიური წევრისთვის“, ამჯერად, ,,სვასტიკის თავზე გამოსახული არწივია“. მწერალი, ღია სივრცის პრინციპით, ისევ მოუხმოს მკითხველის წარმოსახვას და კონკრეტული მითითებების საშუალებით შეჰყავს ავანსცენაზე. მკითხველი, იგივე პერსონაჟი, იგივე ,,წიგნის გმირი” (ავტორი) ტყავის მძიმე ხელთათმანს წარმოსახვით იცვამს მარჯვენა ხელზე, ხელს მაღლა სწევს (ნაცისტური მისალმების  ჟესტი -,,Heil Hitler! “ ,,გაუმარჯოს ჰიტლერს”) და თვალებს სვასტიკაზე გამოსახულ არწივს მიაპყრობს. აქ უკვე ერთვება მწერალი-ინტერპრეტატორი და აბსოლუტრად შეცვლილ, დეკონსტრუირებულ სურათს გვთავაზობს. ეს არის სწორედ ერთგვარი აჯანყება იმ ,,ტანჯვისა” და  ,,სასჯელის” წინააღმდეგ, რომელსაც, როგორც მწერალი აღნიშნავს, განიცდიან ,,სიმბოლოთა ცხოველები” მრავალმნიშვნელოვნების, პოლისემანტიზმის ,,ტყვეობაში” და რომლის მიზანია, საბოლოო ჯამში, კონფლიქტური წინააღმდეგობის შეგნებული შექმნით, გარემომცველი სივრცის გამოღვიძება და სოციალური სტრუქტურის გარდაქმნა, როგორც, უკვე არსებულთან, დაწერილ ტექსტებთან ურთიერთობის გამონახვის მარგველაშვილისეული მიგნება.

 

საკვანძო სიტყვები: პოსტმოდერნისტული დისკურსი; დეკონსტრუქცია; წინარეტექსტი; ფენოტექსტი; სიმბოლოთა ცხოველები; ღია ტექსტი.

Publicado
2023-06-13
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის სექცია