დავით კასრაძის პუბლიცისტური ნააზრევი

  • Aleksandre Mgebrishvili ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., №53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-4275-2417

Resumen

XX საუკუნის დამდეგიდან სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსულ დავით კასრაძეს საყურადღებო წვლილი შეაქვს ქართველი და ოსი ხალხის დაახლოებასა და ქართულ-ოსური კულტურული ტრადიციების გაღრმავებაში. მის ტექსტებში დასმული პრობ­ლემები კვლავაც ინარჩუნებს აქტუალურობას. მწერლის მთელი მოღვაწეობა ეროვნული კულტურის და მშობლიური ლიტერატურის განვითარებას ემსახურება, მის გაღრმავებას ცდილობს. იბრძვის კლასიკური ლიტერატურული ტრა­დიციების დასაცავად. დ. კასრაძის თითოეული სტრიქონიდან მკვეთრად მოჩანს მეფის რუსეთის მოძველებული ეპოქის უკუღმართობა, დრომოჭმული სისტემის მსახურ, სულიერად დეგრადირებულ, მოხელეთა თავნებობა, საზოგადოების ყველაზე გაჭირვებული ფენის გაუსაძლისი ცხოვრება. თავისი მოღვაწეობის ძირითად ძარღვს მწერა­ლი მიძინებული ეროვნული სიმების შერხევის მცდელობაში ხედავს. ღრმად სწამს, რომ ეს არის ერთად­ერთი გადარჩენის გზა.

დავით კასრაძე დაიბადა 1885 წელს ფრონეს ხეობის სოფელ ავნევში.[1] გორის სასულიერო სასწავლებლის დამთავრე­ბის შემდეგ სწავლას აგრძელებს თბილისის სამხატვრო სას­წავ­ლე­ბელში, მოგვიანებით კი პარიზის უნივერსიტეტში ფილო­სოფიისა და ლიტერატურის ფა­კულტეტზე.

ХХ საუკუნის პირველი წლებიდანვე დავით კას­რაძე აქტიურ სამოღვაწეო ასპარეზზეა. თანამშრომლობს არაერთი პერიოდული გამოცემის რედაქციასთან. მისი წერილები იბეჭდება ისეთ ჟურნალ-გაზეთებში, როგო­რებიცაა: „კლდე“, „საქართველო“, „მნათობი“, „სახალხო გაზეთი“, „ჯეჯილი“, „ლიტერატურა და ხელოვნება“, „სი­ნათლე“ და სხვ. მასალების ნაწილი დაბეჭდილია ავტორის ხელმოწერით, ხოლო ნაწილი ფსევდონიმებით: „ქართლე­ლი“, „დიოგენი“, „X“, „კანდიდი“, „დე-კა“, „კენტი“ და ა.შ.

დ. კასრაძე აქტიურად არის ჩართული ყოველ­დღიური ცხოვრების ფერხულში, მკაცრი კრიტიკოსის თვალით აკვირდება მოვლენებს, მოურიდებლად ამ­ხელს საზოგადოებრივი ყოფიერების ნაკლოვან მხარეებს და ეძებს გამოსავალ გზებს. ნაკლოვანებათა გვერდით, მის თვალს შეუმჩნეველი არ რჩება საგულისხმო ლიტე­რატურული პროცესების ყოველდღიურობა და აღფ­რთო­ვანებით მოუთხრობს მკითხველს თითოეული პოზიტი­ური ნოტის შესახებ.

 

საკვანძო სიტყვები: ცხინვალი, სამაჩაბლო, მწერლობა, მეფის რუსეთი, პუბლიცისტიკა, ლიტე­რატურული პროცესი, კულტურა, განათლება.

 

[1] ავნევი - სოფელი საქართველოში. 2008 წლიდან ოკუ­პირებულია რუსეთის მიერ.

Publicado
2023-06-13
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის სექცია