ქართული ხალხური ზღაპრების ტრადიციული ჟანრობრივი კლასიფიკაციის ჩვენეული რეპრეზენტირებული პარადიგმა და ხალხური „კუჭიას“ აკაკისეული ვერსია
Resumen
ქართულ სამეცნიერო სივრცეში ქართულ ხალხურ და ლიტერატურულ ზღაპრებზე არაერთი რამ თქმულა და დაწერილა. წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს მოკრძალებულ მცდელობას აქამდე ნათქვამ-ნაკვლევის შეჯერებისა და გამდიდრებისა. ჩვენი კვლევა ემსახურება როგორც ქართული ხალხური და ლიტერატურული ზღაპრების ენობრივ შესწავლას, ტექსტების შეპირისპირებით-შედარებით ანალიზს, ასევე სახელოვან ქართველ მწერალთა დღეისათვის ნაკლებადცნობილი მხარეების წარმოჩენას. ქართული ზღაპარი უნიკალურობის სახასიათო და გამორჩეული ნიშნით იმკობა და ის, როგორც ფასეული ფენომენი, ძალიან სათუთ, ფაქიზ და მოსაფრთხილებელ საგანს წარმოადგენს, რათა ავთენტური სახით იქნეს შემონახული და გავრცელებული კუთვნილი ერის საზოგადოებაში. ჩვენ მიერ აქ შენიშნული გარემოებებისადა გამო, ერთობ საშურ და ფრიად საჭირო საქმედ გვესახება მრავალდროებაგამოვლილი ზღაპრების შესწავლა, დახარისხება და მათი ანალიზური სინთეზი, რათა სამეცნიერო კვლევების საფუძველზე ხელი შევუწყოთ მათ ინტენსიურ დაბრუნებას როგორც სამეცნიერო მიმოქცევაში, ასევე ყოველდღიურ საკითხავ ლიტერატურაში, ცხადია, სხვა ჟანრების პარალელურად. ქართული ზღაპარი, მეტწილად, ცნობილია დასრულებული სახით, ხოლო ნაკლებად გახლავთ შესწავლილი მისი ქმნადობის რაგვარობა, აგებისა და შენების სპეციფიკა, ურთულესი შიდა ფორმა და ის მხატვრულ-ენობრივი საშუალებები, რასაც უხვად იყენებდნენ ქართველი ნაცნობი თუ უცნობი ავტორები ზღაპრების შექმნის, ძალზედ საინტერესო, პროცესში. წარმოდგენილი სადისერტაციო ნაშრომის უმთავრეს სამეცნიერო ღირებულებასა და სიახლეს წარმოადგენს ქართული ხალხური ზღაპრების ტრადიციული კლასიფიკაციის ჩვენეული ტრანსფორმირებული პარადიგმა. ნაშრომში გამოყენებულია ისტორიულ-შედარებითი, ტიპოლოგიური, ტექსტოლოგიური და აღწერითი კვლევის მეთოდები. აღნიშნული სადისერტაციო ნაშრომი, სწორედაც რომ, ზღაპართქმნადობის ამ კომპლექსური, დახვეწილი და გამართული პროცესის გამოაშკარავებას ეძღვნება და იგი განკუთვნილია როგორც შესაბამისი დარგის სპეციალისტთათვის, ასევე საკვლევი საკითხით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის.
საკვანძო სიტყვები: ფოლკლორი; ზღაპარი; ენა; ანალიზი; მეთოდოლოგია; შესწავლა; ლიტერატურა; პერსონაჟი.





