სამოგზაურო ჟანრის დისკურსისათვის ქართულ მხატვრულ ტექსტებში
Resumen
სამოგზაურო (მოგზაურული, მოგზაურობის, სამგზავრო დღიური) ტექსტის სპეციფიკამ განაპირობა მისი მიკუთვნება მხატვრული ლიტერატურის ამა თუ ჟანრისადმი, რაც განისაზღვრა როგორც დოკუმენტურ-ეპიკურის სახესხვაობა (დღიურებსა, მემუარებსა, ნარკვევებსა და სხვებთან ერთად). საუკუნეთა მანძილზე აღნიშნული ჟანრი დომინირებდა სხვადასხვა ეპოქის სამოგზაურო ტექსტების (მიმოსვლათა, უცხოეთსა თუ საქართველოს კუთხეებში ნამყოფ ავტორთა თხზულებების სახით), რაც, ძირითადად, ხელნაწერით მოვიდა ჩვენამდე და მათი პუბლიკაცია მხოლოდ XIX-XX საუკუნეებში გახდა შესაძლებელი. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობდნენ მკვლევარნი: ავთანდილ ნიკოლაიშვილი, დარეჯან მენაბდე, რომელთა ნაშრომებში ვრცლადაა მიმოხილული აღნიშნული ჟანრის თხზულებანი, ხოლო XIX საუკუნის ჩანაწერები სხვადასხვა მკვლევართა მიერ იქნა შესწავლილი დამოუკიდებლად, თუ სხვა ნაწარმოებებთან ერთად. ჩვენი სტატია კი, ძირითადად, XXI საუკუნის სამოგზაურო ტექსტების განხილვას ისახავს მიზნად მათი სპეციფიკური ნიშნების გამოკვეთით ახალ ეპოქაში. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწერლის, ნატურალისტის, არჩილ ქიქოძის სამოგზაურო ჟანრის სამი წიგნი („ნორვეგიული დღიური“, „მექსიკური დღიური“, „ინდოეთის დღიური“).
საკვანძო სიტყვები: სამოგზაურო ტექსტი, დოკუმენტურ-ეპიკური ჟანრი, არჩილ ქიქოძე.





