იდენტობის საკითხი მელპო აქსიოტის ავტოფიქციურ რომანში „კადმო“
Resumen
ავტოფიქცია, როგორც პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი ქვეჟანრი, ლიტერატურაში თავისი ინსტროსპექტული ფორმიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს ჟანრი ავტობიოგრაფიასა და მხატვრულ ლიტერატურას შორის საზღვრებს არღვევს და რომანის ფარგლებში აერთიანებს მწერლის პირად გამოცდილებას, მოგონებებსა და რეფლექსიებს. ავტოფიქციისთვის მთავარ ბირთვს იდენტობის კვლევა წარმოადგენს, რადგან ავტორები საკუთარ ცხოვრებასა და გამოცდილებას იკვლევენ, რის საფუძველზეც ნარატივს აგებენ, რომელშიც რეალური და ფიქციური ერთმანეთს ერწყმის.
ავტოფიქციურ რომანებთან მიმართებაში იკვეთება რამდენადმე დამაინტრიგებელი კითხვები, რომლებიც ძირითადად საკუთარი თავის გამოხატვასთან, მეხსიერებასთან, ენასა და ადგილის როლთან დაკავშირებით ჩნდება. მელპო აქსიოტის „კადმო“(«Η Κάδμω) ავტოფიქციური რომანის ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც იდენტობის მრავალმხრივ ასპექტს წარმოაჩენს. აქსიოტი ცნობილია თავისი ინტროსპექტული და ლირიკული პროზით, იგი საკუთარ ტექსტებში ასახავს პიროვნული იდენტობის სირთულეებს, საკუთარი ცხოვრებისა და გამოცდილების ელემენტებს და ამას ფიქციური ნარატივის გამოყენებით ახერხებს. „კადმოში“ კი უპირველესად გადმოცემულია იდენტობის, მეხსიერების, ენისა და თვითგამორკვევის საკითხები.
საკვანძო სიტყვები: მელპო აქსიოტი, ავტოფიქცია და ავტობიოგრაფია, იდენტობის საკითხები.





