ხის კულტის სეკულარიზაციის საკითხი საბჭოეთის გამოცდილებაში

  • Eter Intskirveli კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თბილისი, პაატა სააკაძის 1, 0102, საქართველო, http://orcid.org/0009-0007-9196-9608

Resumen

1926 წელს ჟურნალ „ახალ სოფელში“ გამოქვეყნდა ვასო აფციაურის ლექსი „ტყეებს ნუ სჩეხავ“. ლექსი მალევე გახდა პოპულარული, გაუჩნდა ხალხური ვარიანტები, რომელთაც ფოლკლორისტები სხვადასხვა კუთხეში იწერდნენ სხვადასხვა დროს. ლექსის გახალხურებას დიდად შეუწყო ხელი საბჭოთა ანტირელიგიური პროპაგანდის გაძლიერებამ, რადგან, მხატვრულ ღირებულებასთან ერთად, ლექსი ზუსტად გამოეხმაურა ეპოქის იდეოლოგიურ დისკურსს.

როგორც ცნობილია, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ XX საუკუნის 20-იან წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა განურჩევლად ყველა კონფესიას, მათ „რელიგიური გადმონაშთები“ უწოდა და ყველა საშუალებით ცდილობდა, ადამიანებში ნებისმიერი რელიგიური რწმენა-წარმოდგენის თუ ტრადიციის აღმოფხვრას. ამ პროპაგანდის ერთ-ერთი სამიზნე გახდა საშობაო ნაძვის ხე და შობასთან დაკავშირებული თოვლის ბაბუაც, რომელიც რუსული ფოლკლორის მრისხანე პერსონაჟის, მოროზკოს, გაჰუმანურებულ ვერსიას წარმოადგენს. საშობაო ნაძვის ხის ტრადიციასთან ბრძოლის ერთ-ერთ არგუმენტად ეკოლოგია დასახელდა და რაკი ზემოთ ხსენებული ლექსი კარგად მოერგო საბჭოთა პროპაგანდას, ხელისუფლებამ ის საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა.

მოგვიანებით, 1935 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ, რომელმაც იგრძნო ადამიანებისთვის და, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის სახალხო დღესასწაულების აუცილებლობა, კვლავ დააბრუნა ნაძვის ხე, ოღონდ ამჯერად არა საშობაო, არამედ საახალწლო დღესასწაულის მთავარ ატრიბუტად. მასთან ერთად საბჭოთა ბავშვებს დაუბრუნდა თოვლის ბაბუაც.

ნაშრომში შესწავლილია ნაძვის ხის, როგორც უძველესი ხის კულტის ქრისტიანულ სამყაროში რეცეფციის საკითხი. მისი ჩასახვის, განვითარება-გავრცელების და ინდოქტრინაციის საკითხი როგორც დასავლეთ ევროპაში, ასევე რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში. ასევე რუსული მითოსიდან წარმოშობილი პერსონაჟის - თოვლის ბაბუას - ინდოქტრინაციის საკითხი, რაც ქართულ ფოლკლორისტიკაში არასდროს გამხდარა შესწავლის საგანი.

 

საკვანძო სიტყვები: საბჭოთა იდეოლოგია; ხალხური ეკოლოგია; ნაძვის ხე; თოვლის ბაბუა.

Publicado
2024-07-10
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის სექცია