მეტაპოეტურის მეტაფიზიკა (ბესიკ ხარანაულის „მთავარი გამთამაშებელი“)
Resumen
წარმოდგენილი წერილი ცნობილი ქართველი პოსტმოდერნისტი პოეტის, ბესიკ ხარანაულის ლიტერატურული მემკვიდრეობის კომპლექსური შესწავლის ცდაა.
სხვადასხვა რაკურსით (ბიბლიურ-საღვთისმეტყველო, ლიტერატურული, ფილოსოფიური...) გავაანალიზეთ ერთ-ერთი უკანასკნელი კრებული - „მთავარი გამთამაშებელი“, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ბესიკ ხარანაულის მეტაპოეზიის მეტაფიზიკურ ასპექტებზე.
ავტორის უკანასკნელი თხზულებები: „წიგნი ამბა ბესარიონისა“ (2003), „მთავარი გამთამაშებელი“ (2012), „თარგმანი ამერიკულიდან“ (2014), „ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“ (2015), ლექსთა კრებული (1954-2005) ქართული პოსტმოდერნისტული პოეზიის მნიშვნელოვანი ნიმუშებია. ხარანაულის ლიტერატურული სტილი მეტანარატივია, მეტაპოეზია. წარმოდგენილი ტექსტი, „მთავარი გამთამაშებელი“, ერთგვარად, ფრაგმენტირებულია, მითითებულია ერთგვარი სათაურებიც, ფრაგმენტის შინაარსის ამრეკლავი.
პოეტზე უკეთ არავინ იცის, რამდენად ძნელია თხზვა, მაგრამ ავტორი ბედნიერია თავისი ქმედებით, გამუდმებით გრძნობს რა სულიწმინდის თანაყოფნას („ეცადე, გეთქვას სულიწმინდისგან“). ხარანაულის ლიტერატურული მემკვიდრეობის შთაგონების მთავარი წყარო ბიბლიაა, ბიბლია კი არამხოლოდ დიდი ლიტერატურაა - ის (სა)ხარებაა, სიხარულია ყოველი ადამიანისათვის - გზავნილი განაზრებისა და ყოველდღიური ქმედებისათვის.
ხარანაულის მეტანარატივში ხშირია ბიბლიური პარადიგმები, წმინდა წერილის ალუზიები. პოეტის პოზიცია ჰგავს ტიმოთესადმი პავლე მოციქულის პირველ წერილში გამოთქმულს - საღმრთო ჭეშმარიტების ძიება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წინაპართა ნუსხებისა და ლეგენდებისა (1 პავლენი, 1, 4).
საკვანძო სიტყვები: პოეზია, მეტაფიზიკა, პარადიგმა, იგავი, ბიბლია, ალუზია.





