სიკვდილთან დამეგობრების გზა გერონტი ქიქოძის უკანასკნელ ჩანაწერებში
Resumen
მე-20 საუკუნის ქართველი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე გერონტი ქიქოძე 1960 წლის 1 აგვისტოს გარდაიცვალა. ჩვენი ყურადღება მიიპყრო მისმა უკანასკნემა ჩანაწერებმა, რომლებიც გარდაცვალების წლით თარიღდება. კერძოდ: ,,არაბესკები“, ,,დიალოგი თავის თავთან“, ,,სიკვდილის შიში“ და ,,სიზმრის სილუეტები“. აღნიშნული ჩანაწრები აღიქმება, როგორც სიკვდილთან მზადების, სიკვდილთან შერიგების ფილოსოფიური განაზრებანი. ავტორი ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ ფაკულტეტზე სწავლობდა და სიცოცხლის მიწურულს მის მიერ ისეთი იდეების მოხელთება, როგორიცაა სიკვდილ-სიცოცხლის, მარადისობის, სამყაროს კანონზომიერების, კანტიანური მორალური თეორიისა და სიყვარულისა, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ფილოსოფოსობა არა მხოლოდ აქტიურ სოციალურ-პოლიტიკურ თემებში ჩართულობას მოითხოვს, არამედ ფილოსოფიურად დამუხტული სული, მუდამ ურთიერთობს ისეთ მარადიულ, უცვალებელ თემებთან, მის ბოლო ჩანაწერებში რომ გაცხადებულა.
აღნიშნულ ტექსტებში ავტორი თითქოს საბოლოოდ პასუხობს კაცობრიობისათვის ერთი შეხედვით გადაუჭრელ საკითხებს. მისთვის შემოქმედებითობა წარუვალი, მარადიული უბერებელი უნარია, რაც მარადისობაშიც გადაჰყვება ადამიანს, სიკვდილი შემზარავი სახიდან უთბილეს, უახლობლეს მოვლენად გარდაიქმნება, რომლისთვისაც სიყვარულის განცდაც თანმდევია. ავტორისთვის სიცოცხლის ბოლო მონაკვეთში გაცხადებულია, დადასტურებულია ის სულისმიერი გამოცდილებითი ცოდნა, რომელიც იმავდროულად გონისმიერიცაა. ეს ის ცოდნაა, ანტიკურ და ქრისტიანულ სააზროვნო ტრადიციაში უმყარეს, უცვალებელ, თუმცა მარად გადასახედ, აქ და ახლა გასაცოცხლებელ სააზროვნო სტრუქტურად, ლოგიკურ კონსტრუქციებად რომ ჩამოყალიბდა.
თემებს, რომელთაც გერონტი ქიქოძე სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს მიაკითხავს, ერთი რამ აერთიანებს,-გახსენება. იმისთვის რომ გარკვეული დასკვნები გამოიტანოს, მას გახსენება ესაჭიროება, გახსენება მოვლენების, შეგრძნებების და ქალის. თითოეული მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სიმყარედ ჩნდება და ამ სიმყარის შეგრძნება მკითხველსაც გადაედება, რადგან გახსენება იმდენადაა სიცოცხლისმნიშვნელი, რამდენადაც ბუნებრიობს და ახალი ნიშნულებისკენ მიაქცევს ადამიანს. საბოლოოდ კი ურყევი სააზროვნო ტრადიციის თანადროულ მოდუსად გარდაქმნის. ჩვენი აზრით, სწორედ ამ უზუსტეს წერტილშია შესაძლებელი 21-ე საუკუნის თანამედროვე, თან დაღლილი ადამიანისთვის მთავარი, ნამდვილი, უტყუარი თემების კვლავ მოხელთება. ამ გზაზე გერონტი ქიქოძის ჩანაწერები უერთგულეს მეგზურად ჩნდება.
საკვანძო სიტყვები: გერონტი ქიქოძე, გზა, სიკვდილი, დრო, ანტიკური, ქრისტიანული კულტურა,





