ფოლკლორული მოტივებისა და მითოლოგიური არქეტიპების რეპრეზენტაცია იდრის ბაზორკინის რომანში „საუკუნეთა ბურუსიდან“

  • Khvtiso Mamisimedishvili ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, 0179, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-1038-324X

Resumen

იდრის ბაზორკინმა XX საუკუნის 60-იან წლებში დაწერა საკულტო რომანი „საუკუნეთა ბურუსიდან“, რომელმაც ფაქტობრივად განსაზღვრა ინგუში ხალხის კულტურული და ნაციონალური იდენტობა. რომანმა დიდი გავლენა მოახდინა ინგუშური კულტურის განვითარებაზე, რის გამოც ნაწარმოების ავტორი ლიტერატურულმა კრიტიკამ სავსებით სამართლიანად ინგუშური ნაციონალური მწერლობის კლასიკოსად აღიარა.

იდრიზ ბაზორკინმა თავის ნაწარმოებში გააცოცხლა და მხატვრულად გადაამუშავა საუკუნეთა სიღრმიდან მომდინარე ინგუშური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, მივიწყებული ფოლკლორული სიუჟეტები და მოტივები, ინგუში ხალხის წეს-ჩვეულებები და ადათები.  იდრის ბაზირკინის რომანში „საუკუნეთა ბურუსიდან“ მდიდარია ინგუშებისა და ქართველების ურთიერთობის ეპიზოდებით. რომანში დასტურდება ინგუშური მითოსის ის სიუჟეტები, რომლებიც ურთიერთმეზობლობისა თუ ცხოვრების ერთნაირი სტილის გამო ქართველი მთიელების ფოლკლორულ რეპერტუარშიც იძებნება.

რომანში სიუჟეტური ხაზი იწყება 1865 წლის მოვლენებით, კერძოდ, ჩრდილოეთ კავკასიიდან ოსმალეთის იმპერიაში მუჰაჯირთა პირველი ტალღის გამგზავრებით. ამ დროს ინგუშეთში უკვე დამყარებულია რუსული მმართველობა. რომანის პირველი თავებიდან მკითხელისთვის ცნობილი ხდება, თუ როგორ აყარეს მეფის ბრძანებით ინგუშები ჩრდილოეთ კავკასიის დაბლობში გაშენებული აულებიდან და იძულებული გახადეს, დაბრუნებოდნენ მამაპაპისეულ კოშკებს ხევსურეთის მოსაზღვრე ღილღოში. რომანში ძირითადი მოქმედებები ხდება კოშკებით, უძველესი საკულტო ტაძრებითა და აკლდამებით მოფენილ მაღალმთიან აულ ეგიკალაში. იქ თითოეულ ადგილს თავისი მითოლოგიური წარსული აქვს, რომლის ხსოვნაც იმ ხანად, XIX საუკუნის II ნახევარში, ინგუშებს ჯერ კიდევ ჰქონდათ.

რომანის მთავარი მოქმედი პირებიც ღილღოს ამ ეგზოტიკურ სოფელ ეგიკალაში მცხოვრები ინგუშები არიან, რომლებსაც ქართველი მკითხველი ვაჟა-ფშაველას პოემებიდან, გაბრიელ ჯაბუშანურის ლექსებიდან და ალექსი ოჩიაურის ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჩანაწერებიდან კარგად იცნობს. რომანში ინგუში ხალხის ცხოვრება, სოციალური პრობლემები, ტრადიციული ყოფა და წეს-ჩვეულებები რომანში გადმოცემულია, ასე ვთქვათ, „შიგნიდან“, ინგუში მწერლის პოზიციებიდან.

„საუკუნეთა ბურუსიდან“ წარმოადგენს ძვირფას წყაროს ინგუში ხალხის ფოლკლორული შემოქმედების გასაცნობად. მწერალმა ასახა და მხატვრულად გადაამუშავა ის ხალხური სიმღერები, გადმოცემები და რიტუალები, რომელთა უმეტესობა დღეს უკვე ამოვარდნილია ინგუში ხალხის ყოფიდან და ფოლკლორული შემოქმედებიდან.

 

საკვანძო სიტყვები: ინგუშური რომანი, ფოლკლორი, ქართული მოტივები.

Publicado
2024-07-13
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურის სექცია