ერთმორწმუნე მტერი და მისი რეცეფციის თავისებურებანი XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში (რომანტიკოსები)
Resumen
XIX საუკუნის დასაწყისი უმნიშვნელოვანესი ეტაპია ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების გზაზე; ამ დროიდან იწყება ახალი პერიოდი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. თედო ჟორდანიას შეფასებით ,, XIX საუკუნის დასაწყისიდან ქართველი ხალხის ბედი მტკიცედ დაუკავშირდა რუსი ხალხის ბედს. ყველაზე შორსმჭვრეტელი ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც მოწინავე საზოგადოებრივი ფენების ინტერესებს გამოხატავდნენ, რუსეთში ხედავდნენ ერთმორწმუნე ძლიერ სახელმწიფოს, რომელსაც შეეძლო მტრებთან განუწყვეტელი ბრძოლებითა და შინაგანი პარტიკულარიზმით დაუძლურებული საქართველო ეხსნა აღმოსავლეთის აგრესიული ქვეყნების ხელყოფისაგან“ (ჟორდანია, 1967: 349).
საინტერესოა ამავე ეპოქის კიტა აბაშიძისეული შეფასებაც: ,,...საქართველოსათვის მეცხრამეტე საუკუნე შავითა და ბნელით არის მოცული. საქართველო, როგორც პოლიტიკური არსება, მოისპო მეცხრამეტე საუკუნის პირველსავე წელიწადში. მეცხრამეტე საუკუნიდან ქართველ ერს ღირსეული ცხოვრება აღარა ჰქონია, იგი ცხოვრობდა სიტყვით სხვის ,,მფარველობის“ ქვეშე, ხოლო საქმით სხვის ,,მონობას“ განიცდიდა.
ჩვენ თუ ჩვენისავე ნებით დავმორჩილდით ჩვენ მეზობელ ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც მასთან ერთად ქრისტესმოსავიც იყო, ამით ისტორიულად მიუცილებელი მსვლელობის საქმე ცოტათი დავაჩქარეთ, აღარ ვიხმარეთ ყოველი საშუალება მტრისგან ნიშანში ამოღებული სამშობლოს საშველად, არამედ პირველად აღვასრულეთ ის, რაც ,,ადრე იქნებოდა თუ გვიან“, მაინც უნდა მომხდარიყო. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს, რომლის კალთის ქვეშაც ჩვენ გამგეთ თავი შეაფარეს, საქმე გავუადვილეთ და დიდი შრომა და ჯაფა ავაცილეთ“ (აბაშიძე, 1962: 7).
საკვანძო სიტყვები. ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, მტრის ხატი, ბრძოლა თავისუფლებისთვის.





