ქართული ეთნოსის ძიება პონტოსა და კაპადოკიაში გიორგი გოზალიშვილის სამეცნიერო ნაშრომების მიხედვით

  • Chabuka Metonizde ისტორიის მაგისტრი, თსუ ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, 0179, საქართველო, http://orcid.org/0009-0008-3727-6744

Resumen

ქართული ეთნოსის ჩამოყალიბების  პრობლემა ძველი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ საკვანძო საკითხად  რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ისტორიული, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური კვლევებია ჩატარებული, პირდაპირი ემპირიული მასალის ნაკლებობისა და განსხვავებულობის გამო საკითხი ბოლომდე შესწავლილად არ მიიჩნევა. ამ მიმართულებით არსებობს ძალზე მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევები: ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას, გრიგოლ გიორგაძის, გიორგი მელიქიშვილის, ოთარ ჯაფარიძის და ა.შ., წყაროების სპეციფიკური აღქმები განსხვავებულად წარმოაჩენს აღნიშნულ თემატიკას. ეს კიდევ უფრო თვალშისაცემი ხდება, როდესაც საქართველოს ტერიტორიის გარეთ, წინა აზიაში, პონტოსა და კაპადოკიაში მცხოვრებ ტომებს ეხება. თუ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე ისტორიულ პროცესში საკუთარი აზრის დაფიქსირება ძველი მსოფლიოს ისტორიის ყველა წამყვანმა მეცნიერმა სცადა, წინა აზიის აღნიშნულ ტერიტორიებზე მიმდინარე ეთნიკური პროცესების კვლევაზე ქართველ მეცნიერთაგან მცირედმა გაბედა საკუთარი აზრის დაფიქსირება. ეს გამომდინარეობდა საბჭოთა იდეოლოგიური წნეხიდან, რომლის მიხედვითაც არასასურველი იყო იმგვარი თემატიკისადმი ლტოლვა, რომელიც საბჭოთა კავშირის მიღმა არსებულ ეთნიკურ პროცესებს გამოიკვლევდა. ეს მით უფრო მკვეთრად ჩანდა ი.ბ. სტალინის ცნობილი მოძღვრების ჭრილში, რომლის მიხედვითაც ეთნოსების კვლევა არქაულ და ფეოდალურ საზოგადოებებში ნაკლებად რელევანტური იყო, რადგან ერის, ნაციის ჩამოყალიბება-სრულყოფა XIX საუკუნიდან, კაპიტალიზმის ჩამოყალიბების კვალდაკვალ უნდა მომხდარიყო. ასე იყო ქართველური ეთნოსის შემთხვევაშიც. გასაკვირი არაა, რომ ქართველ მეცნიერებს უწევდათ შერბილებული ტონით და სხვადასხვა მაქინაციებით, დაფარულად ეთქვათ საკუთარი სიმართლე, რამეთუ რეპრესიების ტალღაში არ მოხვედრილიყვნენ. მხოლოდ ერთეულები ახერხებდნენ ამ გაბატონებული იდეოლოგიისგან განსხვავებული კუთხით კვლევას. მათი სამეცნიერო ნაშრომები ხშირ შემთხვევაში საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ცენზურის მსხვერპლი ხდებოდა. უკეთეს შემთხვევაში სამეცნიერო საზოგადოება მათ გარიყავდა (ნაციონალისტი დილეტანტი მეცნიერის იარლიყით „შემკულებს“).

 

საკვანძო სიტყვები: ისტორია, ეთნიკური საზოგადოება, მეცნიერება, ქართული (ქართველური) ეთნოსი, გიორგი გოზალიშვილი.

Publicado
2024-07-15
Sección
სამეცნიერო სტატიები – კულტურის პარადიგმები