„ჰამლეტის“ ექსპოზიცია და მისი დიალოგური სტრუქტურა
Resumen
მოცემულ სტატიაში განსაზღვრულია დიალოგი როგორც დრამატული ტექსტის კომპონენტი და ჩატარებულია „ჰამლეტის“ ორიგინალ და თარგმნილ ტექსტთა დიალოგური სტრუქტურის შეპირისპირებითი ანალიზი. პიესის მოცულობიდან გამომდინარე, ემპირიულ მასალად აღებულია მხოლოდ ექსპოზიურ დიალოგთა გარკვეული სეგმენტები და ჩატარებულია თარგმანის როგორც შემოქმედებითი პროცესის, შეპირისპირებით-სტილისტური ანალიზი, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს ლინგვიკულტულოგიური კვლევის მეთოდს. ხსენებული ანალიზი ეფუძნება არა მხოლოდ თარგმანის თეორიის მიერ დამკვიდრებულ პრინციპებს, არამედ მხატვრული დრამატული ნაწარმოების სიუჟეტურ სტქუქტურასაც. სწორედ ამიტომ კვლევა დავიწყეთ პიესის ექსპოზიციაში არსებულ დიალოგთა ანალიზით.
ვითვალისწინებთ რა მხატვრული დრამატული ნაწარმოების სიუჟეტურ სტრუქტურას, მივიჩნევთ, რომ „ჰამლეტში“ სიუჟეტური კვანძის შეკვრა ხდება ჰამლეტისა და მამამისის აჩრდილის შეხვედრის დროს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ექსპოზიციაც უნდა შეიცავდეს კვანძის შეკვრისკენ მიმავალ ორ განსხვავებულ, მაგრამ შინაგანად ურთიერთდაკავშირებულ სიუჟეტურ ეტაპს, რომლის ფარგლებშიც ჰამლეტი ესაუბრება მეგობრებს, და ეტაპს, რომლის ფარგლებშიც ჰამლეტი ესაუბრება მეფის სასახლის წარმომადგენლებს. მოცემულ სტატიაში ჩავატარეთ სწორედ ამ მეორე ეტაპის შეპირისპირებით-ტრანსფორმაციულ ანალიზი, სადაც ნათლად ჩანს, რომ „ჰამლეტის“ მაჩაბლისეულ თარგმანში რეალიზებულია მთარგმნელობით ტრანსფორმაციათა მთელი სპექტრი - გადაადგილება, ჩანაცვლება, დამატება, გამოტოვება. ანალიზის პროცესში განსაზღვრულია არა მხოლოდ მთარგმნელობითი ტრანსფორმაციის ფაქტობრივი მოცემულობა, არამედ ისიც, თუ როგორია ამ თვალსაზრისით მთარგმნელობითი ტენდენცია.
ჩატარებული კვლევის საფუძველზე ნათლად ჩანს, რომ მთარგმნელი ცდილობს დაგვანახოს პერსონაჟები უფრო ყოვლისმომცველად, ვიდრე ეს ხდება ორიგინალის შესაბამის სეგმენტში. ტრანსფორმაციათა ერთობლიობის გაანალიზების საფუძველზე, მაჩაბლის, როგორც მთარგმნელის შემოქმედებითი ხატის, ძირითად მომენტად უნდა მივიჩნიოთ ავტორთან უწყვეტი დიალოგის ფაქტი, ხოლო მთარგმნელის ავტორთან დიალოგი კი ნიშნავს არა ავტორისეული პოზიციისგან დაშორებას, არამედ მთელი პიესით ნაგულისხმევი ავტორისეული პოზიციის შევსებასა და გაღრმავებას.
საკვანძო სიტყვები: მთარგმნელის ხატის ცნება; მთარგმნელობითი სტილი; შეპირისპირებითი ანალიზი; მთარგმნელობითი ტრანსფორმაცია; ლინგვოკულტუროლოგიური კვლევა.





