არქაული ლექსიკის კვალი აჭარის პონტოელ ბერძენთა მეტყველებაში

  • Teona Abuladze ფილოლოგიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ბათუმი, რუსთაველი/ნინოშვილის ქ. 32/35, 6010, საქართველო http://orcid.org/0009-0005-3622-1870

Resumen

პონტოური დიალექტი წლების განმავლობაში იზოლირებულად ვითარდებოდა, რაც, თავის დროზე, გარკვეულმა ისტორიულ-გეოგრაფიულმა თუ პოლიტიკურმა პირობებმა განაპირობა, შესაბამისად, დიალექტი საგრძნობლად დაშორდა როგორც დედა ენას, ასევე მშობლიური ენის სხვა დიალექტებსაც. ამასთან ერთად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პონტოური  თანამედროვე ბერძნული ენის სხვა დიალექტებთან შედარებით უფრო კონსერვატულია, რამაც, თავის მხრივ, განაპირობა ძველი ბერძნული ლექსიკური ერთეულების შენარჩუნება პონტოურში.

აჭარაში მცხოვრებ პონტოელ ბერძენთა დიალექტი უცხო ენობრივი გავლენების ფონზე, მნიშვნელოვან თავისებურებებს ავლენს ენობრივი იერარქიის ყველა დონეზე, განსაკუთრებით ლექსიკაში, რაც საკვლევად უდავოდ მნიშვნელოვანია.

საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული პონტოური დიალექტის კვლევა, ვფიქრობთ, იმ მხრივაც არის საინტერესო, რომ აქ დიალექტი განსხვავებულ მულტილინგვურ გარემოში მოხდა და, ბუნებრივია, სხვა ენათა დიდი გავლენაც განიცადა, თუმცა, უცხო ენათა გავლენების ფონზე არ დაუკარგავს თვითმყოფადობა, რაზეც ნათლად მეტყველებს მასში არქაული ბერძნული ენის ლექსიკური ერთეულების არსებობა.

    საკვლევი მასალის ანალიზისას, არქაულ ფორმათა კლასიფიცირების მიზნით, გამოვყოფთ რამდენიმე ჯგუფს, კერძოდ:

  1. დასტურდება ლექსიკური ერთეულები, რომლებიც თანამედროვე ბერძნულში ან საერთოდ არ გვხვდება, ან სახეცვლილია, მაგრამ შემოუნახავს პონტოურს, როგორიცაა ράφτω (კერვა), οπίς (უკან) და სხვა.
  2. გამოვლინდა ლექსიკური ერთეულები, რომლებიც ფონეტიკურად სახეცვლილია, თუმცა მიგვაჩნია, რომ უშუალოდ ძველ ბერძნულთან უნდა იყოს დაკავშირებული, ასეთია: ωβόν (კვერცხი), χαλκόν (ქვაბი) და მისთ.
  3. თანამედროვე და ძველ ბერძნულში სინონიმური შესატყვისის მქონე ლექსიკურ ერთეულთა ნაწილი პონტოურშიც დასტურდება, თუმცა პონტოურს ერთ-ერთი შემოუნახავს, როგორიცაა: ტაშტი, გობი - σκαφίρ (სკაფირ)..
  4. ცალკე გამოვყოფთ პონტოურ ლექსიკას, რომლებიც მეტწილად ძველი ბერძნული ენის ორი სიტყვის შეერთებით არის მიღებული, როგორიცაა ჯეირანი  αγρέιπον (ჯეირანი)...
  5. პონტოურშიც დასტურდება სიტყვები, რომლებსაც ენის განვითარების არცერთ ეტაპზე ცვლილება არ განუცდიათ და პონტოურშიც ასეთივე ფორმით შენახულა, მაგ. Γωνίαν - კუთხე და მისთ.

 

საკვანძო სიტყვები: არქაიზმები, პონტოელი ბერძნები, პონტოური დიალექტი, მეტყველება, ლინგვისტიკა.

Publicado
2024-12-21
Sección
სამეცნიერო სტატიები - ენათმეცნიერების, თარგმანისა და სწავლების მეთოდების განყოფი