გზა პატრიარქატის მძევლობიდან - თავისუფლებისკენ (მონირო რავანიფურის ქალი პერსონაჟის გზა)

  • Mzia Burjanadze ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 1, 0179, საქართველო, http://orcid.org/0009-0001-1305-8653

Resumen

მონირო რავანიფური ირანელი ემიგრანტი მწერალი და ქალთა ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. 2007 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ემიგრაციაში წავიდა, რადგან ღრმად სწამდა, რომ ადამიანი თავისუფლებისთვისაა გაჩენილი, ისლამურმა რევოლუციამ კი სრულად შეაკვეცა ამ სწრაფვას ფრთები.

მონირო რავანიფურის მთელი შემოქმედება და პირადი ცხოვრება  ირანშიც და მის ფარგლებს გარეთაც პატრიარქალური ადათ-წესების მსხვრევის მაგალითია. მისი ფარული თუ ღია ბრძოლა სამართლიანობისთვის  ადამიანის უფლებების დაცვისკენაა მიმათული.

დღესდღეობით მონირო რავანიფური  დასავლეთში, სადაც ის ცხოვრობს და ლიტერატურულ საქმიანობას ეწევა, პირველ რიგში, ფემინისტ მწერლად აღიქმება.      თანამედროვე მსოფლიოში ქალის იდენტობისადმი საზოგადოებისა და თავად ქალის დამოკიდებულების ასახვა  ლიტერატურის  ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევა.

ნებისმიერი კლიშესა და ტაბუს მსხვრევის მომხრე, ადამიანის ინდივიდუალობის შემზღუდავი ჩარჩოს მოწინააღმდეგე მწერალი ქალის იდენტობის ძიებისა და თვითდამკვიდრების  საკითხს შემოქმედებაში დიდ ადგილს უთმობს.           

სტატიის მიზანია, გაარკვიოს,  რა გზას გადის ირანელი ქალი ამ ძიებებისა და საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესში და როგორ აღწერს ამ პროცესს რავანიფური - ირანის მკვიდრი ავტორი და რავანიფური - ემიგრაციაში მოღვაწე ხელოვანი.

მწერლის ფემინისტური სულისკვეთების ნაწარმოებებზე დაკვირვებამ ცხადი გახადა, რომ რავანიფურის შემოქმედებაში ფემინისტური დისკურსი გარკვეულ კონცეფციას ქმნის და მკითხველი მის ევოლუციას ადევნებს თვალს. ქალის იდენტობის ძიება რავანიფურის ადრეულ ნაწარმოებებში მწერლისეული კრედოს  გამომხატველი გმირით - პატარა მარიამით - იწყება. სპარსეთის ყურის მითოპოეტური სამყაროს პატარა, თუმცა უკვე მშობლიური გარემოს სამართლიანობაში დაეჭვებული პერსონაჟი თანდათან პატრიარქალური წნეხის წინაშე ამბოხებულ, საკუთარი უფლებებისა და პიროვნული იდენტობის მაძიებელ ქალად იქცევა, საბოლოოდ კი კრებულში „ქალი ფრანკფურტის აეროპორტში“ პატრიაქრალურ სინამდვილესა და ისლამურ კანონებს თავდახსნილ პერსონაჟად - განათლებულ, თავდაჯერებულ და თვითკმარ ქალად  - მოგვევლინება.

კვლევამ აჩვენა, რომ ეს კრებული, რომელიც ღია პროტესტს გამოხატავს ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის მიმართ, მწერლის შემოქმედებაში ფემინისტური ხაზის განვითარების ერთგვარ ფინალურ შტრიხად შეიძლება მივიჩნიოთ.

 

საკვანძო სიტყვები: ქალთა ლიტერატურა ირანში, ირანელი ემიგრანტი მწერალი, მონირო რავანიფური, ისლამური რესპუბლიკა, ფემინისტური დისკურსი. 

Publicado
2025-06-30
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურა, კულტურული პარადიგმები, ფოლკლორის განყოფილება.