მამის/„სუეტი-ცხოვლის“ პარადიგმა სასულიერო და პოსტმოდერნისტულ ტექსტ(ებ)ში
(ნიკოლოზ გულაბერისძე, ზაირა არსენიშვილი)
Resumen
ქართულ ლიტერატურას (ზოგადად, ქართულ ლიტერატურულ პროცესს) ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნე რევაზ თვარაძე იხსენიებდა ფრაზა-კონსტრუქციით „თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა“, გულისხმობდა რა მწერლობის მაგისტრალური ხაზის - ეროვნული იდეალების ერთგულებას განსხვავებულ ეპოქებში, განსხვავებულ ისტორიულ-პოლიტიკურ ვითარებაში.
ოცდამეერთე საუკუნის ოციან წლებში „თექვსმეტსაუკუნოვანი მთლიანობის“ კონტექსტში შევეცდებით გავიაზროთ ორი განსხვავებული ეპოქის - მეთორმეტე-მეცამეტე და მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეთა მიჯნის ავტორთა ტექსტებში არეკლილი მთავარი ქართული ტაძრის/კათედრალის ისტორიასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი პარადიგმა - მამა, სამების პირველი ჰიპოსტასის მხატვრული ანარეკლი.
დავეყრდნობით „გიორგი მესამის (და, ალბათ, თამარის) კათალიკოსის“ (სირაძე, 1992: 109), ნიკოლოზ გულაბერისძის თხზულებას „საკითხავი სუეტისა-ცხოველისაი“ და პოსტმოდერნისტი ავტორის - ზაირა არსენიშვილის რომან „რეკვიემის“ პასაჟებს.
ვფიქრობთ, საგულისხმოა პარადიგმის უცვლელობა ეპოქალურად დიდად დაშორიშორებულ ნაწარმოებებში. წინამდებარე წერილში, რომელიც წარმოადგენს ქართული მწერლობის კომპლექსური შესწავლის ცდას, პარადიგმა „მამის“/„ძველი დღის“/„სუეტი-ცხოველის“ აღქმის რაკურსს დავაკვირდებით სასულიერო და პოსტმოდერნისტულ ტექსტებში.
საკვანძო სიტყვები: სასულიერო მწერლობა, პოსტმოდერნიზმი, სვეტიცხოველი, პარადიგმა.