ქართული ფოლკლორის ასახვის თავისებურებანი გრაფინია უვაროვას „მოგზაურის ჩანაწერებში“
Resumen
სტატია ეძღვნება გრაფინია პრასკოვია უვაროვას, მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების აქტიური წევრის სამეცნიერო მოღვაწეობას. უფრო კონკრეტულად კი, ექსპედიციებს საქართველოში და ქართული ფოლკლორული ნიმუშების აღწერის თავისებურებებს მის „მოგზაურის ჩანაწერებში“. მიუხედავად იმისა, რომ გრაფინია არქეოლოგიურ საქმიანობას ეწეოდა, მის ჩანაწერებში ვხვდებით ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ მასალასაც.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთის იმპერიის მიზანი გახდა კავკასიის რეგიონის მეცნიერული შესწავლა, რაც კოლონიზაციის ერთგვარ „კულტურულ ინსტრუმენტად“ იქცა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა რუსი მოხელეებისა და მოგზაურების საქმიანობა-მოღვაწეობას. ისინი რუსული იმპერიის ინტერესების თანახმად მოქმედებდნენ. სწორედ ასეთი მოგზაური იყო გრაფინია პრასკოვია უვაროვა, რომელმაც დეტალურად აღნუსხა ქართული სალოცავები და საგანძური, რომელიც მათში ინახებოდა. მან სამჯერ იმოგზაურა საქართველოში (1886, 1891, 1895 წწ.) და სამ ტომად გამოსცა თავისი ჩანაწერები კავკასიის შესახებ. მისი ნაშრომები ძირითადად აღწერითი ხასიათისაა.
დღიურებში წარმოდგენილია მრავალი ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალა, რომელიც დაყოფილია შემდეგ ჯგუფებად: გადმოცემები სალოცავთა დაარსების შესახებ, ლეგენდები ქართველ მეფეებზე და ცალკეული მითოლოგიური გადმოცემები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა ხის კულტი და წმინდა ტყეების მითოსი. ასევე, კოპალას ნასროლი ქვა და ცალკეული გადმოცემები ჩილანგ/ჩილინგ ეფენდისა და ბათრაძზე. პრასკოვია უვაროვას მიერ ჩაწერილ ტექსტებში გამოიკვეთა რამდენიმე თავისებურება. კერძოდ:
1) იგი სავსებით უგულებელყოფს ფოლკლორული ტექსტის ჩაწერის წესს, კერძოდ, ჩაწერილი აქვს ზოგადი შინაარსი და არა მთქმელის სიტყვები.
2) არც ერთ გადმოცემას არ აქვს პასპორტი (მთქმელის ვინაობა, ჩაწერის დრო და ადგილი).
3) მსჯელობისას იმოწმებს კავკასიის მკვლევართა ნაშრომებს (გუსტავ რადე, მარი ბროსე, ფ. დიუბუა, ვ. პფაფი და ა.შ) და ასევე საკუთარ დასკვნებსაც თამამად აკეთებს.
4) შესანიშნავად ფლობს ტერმინოლოგიას (იყენებს ტერმინებს ,,ძუარი”, ,,ხევისბერი”, ,,დასტური” და ა.შ.).
მიუხედავად აღნიშნული ნაკლოვანებისა, პრასკოვია უვაროვას მიერ შეკრებილი მასალა ძალზე მნიშვნელოვანია ფოლკლორისტიკისათვის. ის ისეთ ცნობებს გვაწვდის, რომელიც შეიძლება უფრო გვიანდელ ვარიანტებში დაკარგული იყოს.
საკვანძო სიტყვები: უვაროვა, კავკასია, მოგზაური, ფოლკლორი, კოპალა.





