ენობრივი კლიშე თანამედროვე ქართულ მედია- და პოლიტიკურ დისკურსში
Resumen
საზოგადოებრივ ურთიერთობებში ინფორმაციის გაცვლის უმაღლეს დონეზე ვერბალური კომუნიკაცია ენის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. ზეპირი მეტყველება, როგორც ენის ძირითადი ლექსიკური ფონდის გამოყენებით აზრის ზეპირად გადმოცემის პროცესი, ცოცხალი და დინამიურია. მისი შესწავლა და ანალიზი იძლევა საშუალებას, თანამედროვე ქართული ზეპირი მეტყველების ენაში ფართო სპექტრში განვიხილოთ როგორც საკომუნიკაციო დონეზე შექმნილი სინტაქსური კონსტრუქციები – შესიტყვებები და წინადადებები, ისე მასში მიმდინარე ცვლილებები, ინოვაციები და განვითარების ძირითადი ტენდენციები.
გლობალიზაციის ეპოქა სინქრონიზებულია მეტყველებასთან. ციფრული საუკუნის აზროვნებაში წინადადების ჩამოყალიბებაში მონაწილე ენობრივი ერთეულები მუდმივად ცვალებადია. ენა განიცდის სოციუმისთვის აქტუალური ექსტრალინგვისტური ფაქტორებისა თუ ცალკეული ინდივიდების ტენდენციურ ზეგავლენას. ინფორმაციით გაჯერებულ ეპოქაში საზოგადოებაზე მედიისა და პოლიტიკის როლი განუსაზღვრელია. მედია- და პოლიტიკური დისკურსი ერთმანეთზე დიდ გავლენას ახდენს. დისკურსი სპონტანური და დინამიურია. ამიტომაც ზეპირ მეტყველებაში ხშირია კონსტრუქციების რღვევა, ახალი კონსტრუქციების შექმნა და საყოველთაოდ ცნობილი კლიშეს ელემენტების მოხმარება.
ენობრივი კლიშე მყარი გამონათქვამია, რომელიც ენაში მზა სახით არსებობს და ისეთი შინაარსის გადმოსაცემად გამოიყენება, რომელიც განმეორებადია, ხშირია და მასისთვის ნაცნობი. ფორმალური კლიშეწინადადებით გადმოიცემა საერთო რეფერენტი, რომლის გარეშეც კომუნიკაცია ვერ შედგება. კლიშე მშრალი, სტერეოტიპული საკომუნიკაციო ერთეულია. სტანდარტულ, ტრაფარეტულ გამოთქმებს მოსაუბრეები აზრის სხარტად და ლაკონურად გადმოსაცემად მიმართავენ.
ჩვენი კვლევის მიზანია თანამედროვე ქართულ მედია- და პოლიტიკურ დისკურსში გავრცელებული ენობრივი კლიშეების შესწავლა და ანალიზი.
თემის აქტუალურობას განაპირობებს ზეპირი მეტყველების ენაში აზრის ოფიციალური, მშრალი ვერსიის სტრუქტურული ფორმირებისას ენის ეკონომიურობით გამოწვეული ენობრივი უნივერსალიების დამკვიდრება.
სიახლედ შეიძლება მივიჩნიოთ ზეპირი მეტყველების სინტაქსური კონსტრუქციების ანალიზი.
კვლევის შედეგების გათვალისწინებით შესაძლებელი გახდება მედია- და პოლიტიკურ დისკურსში გამოვლენილი ენობრივი კლიშეების კვალიფიცირება.
საკვანძო სიტყვები: ენობრივი კლიშე, მედია, პოლიტიკური დისკურსი, სინტაქსური კონსტრუქციები, ზეპირი მეტყველება, რეფერენტი





