ქართველურ ენათა კვანტიტატიურ-ტიპოლოგიური მახასიათებლები
Resumen
ტიპოლოგიური ენათმეცნიერება ენათა კლასიფიკაციას ახდენს სტრუქტურული ნიშნების საფუძველზე. ჯოზეფ გრინბერგის (Greenberg, 1994) კვანტიტატიურ-ტიპოლოგიურმა კლასიფიკაციამ შესაძლებელი გახადა ენათა სტრუქტურული ნიშნების რაოდენობრივი კვლევა. ნაშრომის მიზანია, გრინბერგის მორფოლოგიური ინდექსების (აგლუტინაციის, ფლექსიის, სინთეზურობის, დერივაცია-ფლექსიის, კომპოზიციის, პრეფიქსულობის, სუფიქსურობის) გამოყენებით, განისაზღვროს ქართველურ ენათა (ახალი ქართული, ძველი ქართული, სვანური, მეგრული, ლაზური) ტიპოლოგიური ხასიათი და გამოვლინდეს მსგავსება-განსხვავებები მათ შორის.
კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება 300-სიტყვიანი საკვლევი ტექსტების სინქრონიულ გლოსირებასა და მათემატიკურ გამოთვლებს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ოთხივე ქართველური ენა (მათ შორის ძველი ქართული) სინთეზური ხასიათისაა.
აგლუტინაციის ინდექსის მიხედვით, ენები უფრო მეტად იხრებიან ფლექსიურობისკენ, გარდა მეგრულისა და ლაზურისა, რომელთაც შედარებით მაღალი აგლუტინაციურობის მაჩვენებლები აქვთ. გამოვლინდა, რომ ფლექსიური აფიქსები სჭარბობს დერივაციულს, ხოლო სუფიქსების რაოდენობა - პრეფიქსების რაოდენობას, რაც ქართველური ენების ზოგად სუფიქსურ ტენდენციას ადასტურებს. კომპოზიციის ინდექსი ყველა ენაში დაბალია.
მიღებული რაოდენობრივი მონაცემები საშუალებას იძლევა, ობიექტურად განისაზღვროს ქართველური ენების ზუსტი ტიპოლოგიური კუთვნილება და ნათელი გახდეს მათი ადგილი ენათა ტიპოლოგიურ კლასიფიკაციაში.
საკვანძო სიტყვები: ენათა ტიპოლოგია; ქართველური ენები; მორფოლოგიური ინდექსები; აგლუტინაციის ინდექსი; სინთეზურობის ინდექსი; ფლექსიურობა.





